Pfizer-ით აცრას ამბულატორიულ დაწესებულებაშიც შეძლებთ
Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდება. აცრა ჰოსპიტალურის გარდა ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
მისი თქმით, Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებით სწრაფი გვერდითი რეაქციები მინიმალურად გამოვლინდა.
“თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც ატარებს წლების განმავლობაში ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს. ექსპერტების ჯგუფმა მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ Pfizer-ით ვაქიცნაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც, ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ გამოთქვა მზაობა Pfizer-ით ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე საუბარი იყო სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, რაიონული ცენტრის დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება, რომ სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით მოიცვან.
“მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით, სოფლის ამბულატორიის დონეზე“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ გასვლით ამბულატორიებს.
“ეს კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. აქ საუბარია “სინოფარმით“ და “სინოვაკით“ აცრების გაფართოებაზე სოფლის დონეზე. “ფაიზერი“ ჯერჯერობით მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ქრონიკულ ან ბინაზე მწოლიარე პაციენტზე, რომელთანაც ბრიგადა გადის რეანომობილის თანხმლებით, ეს პროცესი დაწყებულია თბილისში და კიდევ უფრო სწრაფად წავა სხვა რეგიონებშიც“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.