საზოგადოება
01/02/2022

პარლამენტს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით მიმართეს

პარლამენტს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით მიმართეს. 

ავტორების განმარტებით, სააგენტოს შექმნა ხელს შეუწყობს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან და კოორდინირებულ ბრძოლას და საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციას. 

ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.

დოკუმენტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი აირჩევს 5 წლის ვადით. თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. სააგენტო საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. 

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, თანამდებობის პირების მიერ "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლი, კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი.

სააგენტო უფლებამოსილი იქნება, შეამოწმოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულება და მოამზადოს და გამოაქვეყნოს დასკვნები; თავიდან აიცილოს, გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს თავის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულები; ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას პირებს გაუწიოს რეკომენდაცია; შეამოწმოს დეკლარაციები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები; პირის თანამდებობასთან შეუთავსებლობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოს მისი გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართოს; თვალყური ადევნოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას; დაიცვას კორუფციულ დანაშაულთა მამხილებლები; მოამზადოს თემატური საკანონმდებლო წინადადებები და გააუმჯობესოს საჯარო უწყებების საქმიანობა საჯარო მოხელეთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით; აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება განახლებაში; უზრუნველყოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლობა საერთაშორისო ანტიკორუფციულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესასრულებლად.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, სააგენტოს გამომძიებელს და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება ექნებათ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას განახორციელებს და სახელმწიფო ბრალდებას მხარს დაუჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს სტრუქტურა და საშტატო ნუსხა დაახლოებით ასე ჩამოყალიბდება:

ხელმძღვანელობა (ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები) – 3 საშტატო ერთეული;
- დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო ერთეული;
- პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო ერთეული;
- საგამოძიებო დეპარტამენტი - 75 საშტატო ერთეული;
- ადმინისტრაციული დეპარტამენტი - 13 საშტატო ერთეული;
- იურიდიული დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
- საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი - 7 საშტატო ერთეული;
- ეკონომიკური დეპარტამენტი - 5 საშტატო ერთეული;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
- გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) – 3 საშტატო ერთეული;
- სულ - 130 საშტატო ერთეული.

"საგამოძიებო დეპარტამენტში თანამშრომელთა მაღალი რაოდენობა გამოწვეულია იმით, რომ კორუფციასთან ბრძოლის დიდი ნაწილი კორუფციული დანაშაულების გამოძიებაზე მოდის და შესაბამისად, სტრუქტურა საჭიროებს ძლიერ საგამოძიებო მიმართულებას",- წერია განმარტებით ბარათებში. 

ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ერთჯერადად გასაწევი და ყოველწლიური ხარჯები:

- ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად ერთჯერადად გასაწევი ხარჯი იქნება დაახლოებით 2 130 000 ლარი;
- ოპერირებისთვის საჭირო წლიური ჯამური ხარჯი - დაახლოებით 7 215 000 ლარი.

 

Businesspartner