პარლამენტმა საბავშვო ბაღების ავტორიზაციაზე კანონპროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საბავშვო ბაღების ავტორიზაციას ეხება.
ცვლილების თანახმად, ავტორიზაციის მოსამზადებელი პერიოდი 2022 წლის ივლისიდან დაიწყება, თვითონ პროცესი 2030 წელს დასრულდება.
გარდამავალ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციას განახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ავტორიზაცია შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებს.
ბაღების ავტორიზაციის, აგრეთვე მისი შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები დამტკიცდება მთავრობის დადგენილებით.
2022 წლის 1-ელ ივლისს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შეიქმნება შესაბამისი ელექტრონული სისტემა დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის მიზნით. დაწესებულებებმა კი, სტატუსის მოპოვების მიზნით რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2022 წლის 1-ლი ივლისიდან არაუგვიანეს 2023 წლის 1-ელ იანვრამდე.
რეგისტრირებული დაწესებულებები ვალდებულები იქნებიან 2024 წლის 1-ელ იანვრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინონ თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად.
თვითშეფასების ანალიზის საფუძველზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინადადების საფუძველზე, 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება რეგისტრირებული დაწესებულებების ავტორიზაციის გავლის გრაფიკი.
დაწესებულება, რომელიც 2024 წლის 1-ელ იანვრამდე არ წარადგენს თვითშეფასებას ან დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს, გაუუქმდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის უფლება.
დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1-ელ ივლისამდე არ საქმიანობდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და სურს სტატუსის მოპოვება, გარდამავალ პერიოდში, ავტორიზაციის პროცედურას გაივლის დროებითი წესის შესაბამისად. იგივე წესი გავრცელდება, ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ხელახალი განაცხადის წარდგენის ან განსაზღვრულ შემთხვევებში საქმიანობის უფლების გაუქმების შემთხვევაში.
ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომლის წევრებს განათლების სამინისტროს წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობა არ იქნება ანაზღაურებადი. ავტორიზაციის საბჭო მიიღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ავტორიზაციის მინიჭების შესახებ; ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; ავტორიზაციის შეჩერების შესახებ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, გარდამავალ პერიოდში ასევე ვალდებული იქნება, დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების მონიტორინგი.