პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფაზე კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილება “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შევიდა, რომლის თანახმადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცალკე უწყებად დარჩება. კულტურას და სპორტს კი, ახალგაზრდობაც დაემატება და ისიც ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის განაწილებას, პროექტის თანახმად, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული თანამშრომლები უკონკურსოდ გადაინიშნებიან შესაბამის სამინისტროებში (განათლების და მეცნიერების სფეროში დასაქმებულები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულები - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში). ის თანამშრომლები, რომელიც არ მუშაობენ სფეროების მიხედვით, გადაინიშნებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას კომისია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებების, დოკუმენტაციის (არქივის) განსაზღვრას, განკარგვას და მათთვის გადაცემას. კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს თავად კომისია.