საზოგადოება
15/03/2022

პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

111 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. 

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს:

  • საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების გზით, ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. ასევე მოუწოდებს მას, აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებაში, აგრეთვე განაგრძოს თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
  • საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროკავშირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, ასევე დაჩქარებული წესით საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში;
  • მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით და საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში ძალისხმევის გაძლიერებისკენ, ასევე ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის შემოღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში პასუხისმგებელ პირებზე გავრცელებისკენ;
  • მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს "ევროკავშირის ხელშეკრულების" 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

რეზოლუციის ინიციატორები და ავტორები არიან პარლამენტის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ირაკლი კობახიძე, სოზარ სუბარი, მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დააჩქარა.  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2024 წლის ნაცვლად 2022 წელს შეიტანა.  

Businesspartner