პარლამენტი "საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი "საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, საქართველო ამ ინიციატივით უახლოვდება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობას და ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს.
წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები, ინერგება ბევრი ახალი ინსტიტუტი და დებულება. თავად სფეროს დასახელებაც განიცდის ცვლილებას.
"ტერმინი "სახელმწიფო შესყიდვა" არ უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს. მიზანშეწონილია აღნიშნული დასახელება ჩანაცვლდეს ტერმინით - "საჯარო შესყიდვა", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს UK და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვისთვის განკუთვნილი იქნება ოფიციალური ვებპორტალი eprocurement.gov.ge.
კანონპროექტი აწესრიგებს საჯარო შესყიდვის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს. სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საჯარო შესყიდვის სპეციალისტები დაექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას.
"ეს ერთის მხრივ, საჯარო შესყიდვებში გაზრდის კვალიფიკაციის დონეს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სერტიფიცირებული სპეციალისტების დასაქმებას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით, სიახლეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარზე ნაკლებია, საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად სავალდებულო აღარ იქნება შესყიდვების კომიტეტის (ამჟამად მოქმედი - სატენდერო კომისია) გამოყენება და შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იქნება, შესყიდვის ობიექტის თავისებურებების გათვალისწინებით, საჯარო შესყიდვა (გარდა კონკურსისა და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) განახორციელოს როგორც შესყიდვების კომიტეტის მიერ, ასევე, შესყიდვების კომიტეტის გარეშე.
კანონპროექტი აწესრიგებს საჯარო შესყიდვების პროცედურებს:
o ღია პროცედურა;
o შეზღუდული პროცედურა;
o კონკურენტული დიალოგი;
o ინოვაციური პარტნიორობა;
o კონკურსი;
o წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა;
o წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა;
o საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში
მომსახურების შესყიდვის მიზნით.
"საგულისხმოა, რომ კანონპროექტი, საჯარო შესყიდვების პროცედურების აწესრიგებს იმ დონეზე, რა დონეზეც მოწესრიგებულია დირექტივით, კერძოდ, თითოეული პროცედურის გამოყენების საფუძველი განსაზღვრულია კანონპროექტით, ხოლო პროცედურების განხორციელების დეტალური წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით — სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტები და აგრეგირებული საჯარო შესყიდვები
კანონპროექტით წარმოდგენილია საჯარო შესყიდვის შემდეგი ინსტრუმენტები:
o ჩარჩო შეთანხმება;
o დინამიკური შესყიდვის სისტემა;
o ელექტრონული რევერსული აუქციონი;
o ელექტრონული კატალოგი.
აგრეგირებული საჯარო შესყიდვები მოიაზრებს ერთობლივ შესყიდვას ან ცენტრალიზებულ შესყიდვას (ამჟამად მოქმედი კონსოლიდირებული ტენდერის მსგავსი).
საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენების, აგრეთვე საჯარო შესყიდვის აგრეგირებულად ჩატარების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
კანონპროექტი აწესრიგებს საჯარო შესყიდვის დაგეგმვას, მათ შორის, როგორც წლიურ, აგრეთვე ინდივიდუალურ დონეზე. ამ მხრივ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციების, ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმებისა და საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმების აღწერის წესები, აგრეთვე, საჯარო შესყიდვის ლოტებად განხორციელების დებულებები.
შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს სპეციფიკაციებს, რომლებიც აღწერს შესასყიდი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების მახასიათებლებს. თუ საჯარო შესყიდვა გამიზნული იქნება ფიზიკური პირებისთვის ან ფართო საზოგადოებისთვის, სპეციფიკაციების შემუშავებისას, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევებისა, გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოსდაცვითი, სოციალური ასპექტები, აგრეთვე, ყველა კატეგორიის მომხმარებლის, მათ შორის შშმ პირების ინტერესები.
შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი წინადადების გამოვლენას.
საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმები შეიძლება დაეფუძნოს:
დაბალ ფასს; ეკონომიკურ ეფექტიანობას; ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობას, რა შემთხვევაშიც გაითვალისწინება შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ხარისხობრივი, გარემოსდაცვითი ან სოციალური ასპექტები.
კანონპროექტით, გათვალისწინებულია ერთ-ერთი ახალი კონცეფციის - ე.წ. "მდგრადი საჯარო შესყიდვების" პრინციპების და მიდგომების დანერგვა.
"ამ კონცეფციის შემოტანა ქართულ საჯარო შესყიდვების სივრცეში ხელს შეუწყობს
საზოგადოებისათვის ისეთი პოპულარული მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა "მწვანე" და "ენერგო-ეფექტური" შესყიდვები", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.