პანდემიით დაზარალებულებს მიუღებელი კომპენსაცია 30 ოქტომბრამდე ჩაერიცხებათ
დასაქმებულები, რომლებიც პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ხელფასს ვეღარ იღებდნენ, მიუღებელ კომპენსაციას არაუგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბერს მიიღებენ. მიუღებელი კომპენსაცია დაერიცხებათ აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებსა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს. ცვლილება „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა.
მათ კომპენსაცია იმის გამო ვერ მიიღეს, რომ დადგენილებით გათვალისწინებულ წინაპირობას ვერ აკმაყოფილებდნენ. დადგენილებით კი, პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე ფიზიკურ პირებზე. დაურიცხავ კომპენსაციას მიიღებენ პირები, თუ ისინი ამ პირობებს დააკმაყოფილებენ.
ხოლო ის პირები, ვინც ამ წინაპირობას აკმაყოფილებენ, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა არასწორად წარდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, კომპენსაციის მიღების მიზნით განახლებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები დასაქმების სააგენტოში უნდა წარადგინონ 2021 წლის 15 ოქტომბრამდე. აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გადარიცხვა განახლებულ პირად საბანკო ანგარიშებზე განხორციელდება 2021 წლის 30 ოქტომბრამდე.
პირები, რომლებსაც მიუღებელი კომპენსაცია დაერიცხებათ:
დაქირავებული (მათ შორის პირი, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეთ სამ თვეს ან/და 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);
დაქირავებული, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული ჰქონდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებდა ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);
დაქირავებული (მათ შორის, პირი, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ერთ ან მეტ თვეს არ იღებდა ხელფასს, რომელიც არ აღემატება 10 ლარს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);
ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომლებსაც უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც სტატუსი 2020 წლის აპრილამდე მიენიჭათ და არ იღებდნენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.
აგრეთვე, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არასამეწარმეო ფიზიკური პირებისა) წარადგენენ იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი ან/და სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა განმცხადებლად და შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა 2020 წლის 1 აგვისტომდე, 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური საქმიანობის ან/და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად.
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-დან 120 კალენდარული დღის ჩათვლით.
პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის საბოლოო ვადა არის 2021 წლის 30 ნოემბერი. ვადების ამოწურვის შემდეგ კომპენსაციის მიმღები პირის მიერ წარდგენილი განცხადება, ასევე დამსაქმებლის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია განხილვას აღარ დაექვემდებარება.