საზოგადოება
12/08/2021

NDI: პანდემიის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობა მთავარ პრობლემად რჩება 

NDI-ის კვლევის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის მთავარ პრობლემად რჩება. 

მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის დონზე კიდევ უფრო გაუარესდა. 

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 68% ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს. 

გარდა ამისა, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ მათ ან სამსახური დაკარგეს ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ. მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი აცხადებს, რომ ისევ უმუშევარია.  

გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამდე არ მუშაობდა და ისევ უმუშევარია, 29%-ს არ დაუკარგავს სამსახური და შემოსავალიც არ შეუმცირდა, 13%-ის თქმით, სამსახური არ დაუკარგავს, თუმცა ხელფასი შეუმცირდა, 8%-მა დაკარგა სამსახური და ისევ უმუშევარია, 4% ამბობს, რომ დაკარგა სამსახური და სხვა სამსახური დაიწყო, 3%-ის თქმით კი, კორონავირუსის პანდემიამდე არ მუშაობდა და ახლა დასაქმებულია.