საზოგადოება
27/01/2022

NDI: კოვიდვაქცინის მიმართ უნდობლობა ისევ მაღალია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად მოსახლეობაში კოვიდვაქცინის მიმართ უნდობლობა ისევ მაღალია. 

NDI-ის კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხული მოსახლეობის 25% ამბობს, რომ გაიკეთებდა, 42% ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, 29%-ის თქმით, უკვე ვაქცინირებულია. 

ვაქცინირებული მოქალაქეების მესამედი ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს, ან არ იცის რას იზამს. 

NDI-ის კვლევით, 54%-დან ვინც უკვე აიცრა, ან აპირებს, რომ აიცრას, 63% ამბობს, რომ ბუსტერ დოზას გაიკეთებს, 14% ამბობს, რომ არ გაიკეთებს, 3%-ის თქმით, უკვე გაიკეთა, 20%-მა არ იცის, გაიკეთებს თუ არა. 

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ასაკმა 12 წლამდე დაიწია. თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების კოვიდვაქცინაციის წინააღმდეგია. 

59% საკუთარი შვილების აცრის წინააღმდეგია, 26% თანახმაა, 1% კი, ამბობს, რომ უკვე აცრა საკუთარი შვილი/შვილები. 

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობაში ვაქცინის ხარისხის მიმართ შიშები ისევ ძლიერია. 

გამოკითხული მოსახლეობის 38% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს არ ენდობა, 20% აცხადებს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 15% ფიქრობს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება კორონავირუსის პანდემიას, 7%-ის თქმით, არ გაიკეთებს, რადგან ვაქცინას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, 6% ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია. 

ინფორმაციისთვის, ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ პანდემიის დასასრული მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის. 

Businesspartner