საზოგადოება
20/01/2022

Mynanny.ge მომხმარებელს ძიძის მომსახურებასთან ერთად ტუტორის სერვისსაც სთავაზობს

ონლაინ პლატფორმა Mynanny.ge მომხმარებელს ძიძების მომსახურებასთან ერთად ახლა უკვე ე.წ ტუტორის სერვისსაც სთავაზობს.

სტარტაპი ეძებს ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც კონკრეტულ საგანში მაღალი კომპეტენცია აქვთ შემდეგ კი მათ დაინტერესებულ მომხმარებელთან აკავშირებს.

როგორც Mynanny-ს დამფუძნებელი, ნინო დვალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სტარტაპის ახალი კომპონენტის მიმართ მომხმარებელთა დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება.

„Mynanny მშობლებს მარტივად და სწრაფად აკავშირებს ისეთ სერვისებთან, რომლებიც შვილებზე ზრუნვაში ეხმარებათ. თავიდან იდეა დაიწყო იმით, რომ მშობლებისთვის ძიძებზე წვდომა მიგვეცა. შემდეგ გამოიკვეთა, რომ ძიძების გარდა მშობლებისთვის მტკივნეული თემა იყო სწავლის კომპონენტიც. ბევრ მშობელს კონკრეტულ საგანში შვილის დახმარება უჭირდა, მისთვის არ იყო მისაღები გრძელვადიანი რეპეტიტორის ფორმა, ან კლასიკური გაგებით რეპეტიტორებს, ანუ მასწავლებლებს ბავშვები სწავლის პროცესში არ მიყვებოდნენ. სწორედ ამიტომ, ახლანდელი Mynanny ფოკუსირდება ორ მიმართულებაზე. ერთი ძიძის მომსახურებაა, ხოლო მეორე ტუტორის სერვისი. ტუტორი ადამიანია, რომელსაც კონკრეტულ საგანში კომპეტენცია აქვს, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ მას ჰქონდეს კვალიფიკაცია. არ არის საჭირო, რომ მაინცდამაინც მასწავლებლის სტატუსი ჰქონდეს. ის შეიძლება იყოს სტუდენტი, რომელიც მათემატიკის მიმართულებაზე სწავლობს, ეროვნულ გამოცდებზე კი მათემატიკაში უმაღლესი ქულა აქვს მიღებული. ასეთ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, აბიტურიენტებსაც კი დაეხმაროს. ჩვენ, როგორც პლატფორმა, ასეთ ადამიანებზე მარტივ წვდომას ვუზრუნველვყოფთ. ჯერ ვპოულობთ ამ ხალხს, გადავამოწმებთ, რომ ამ საგანში სერიოზული კომპეტენცია ჰქონდეს, ვუტარებთ ტრენინგებს. ამის შემდეგ, როდესაც მათ შესახებ ინფორმაცია პლატფორმაზე განთავსდება, მშობელს შეუძლია ის დაჯავშნოს 1 საათითაც. მომხმარებელს მაქსიმალურ მოქნილობას ვაძლევთ“,- აღნიშნავს დვალიძე.

Mynanny-ს დამფუძნებლის ინფორმაციით, ე.წ ტუტორის სერვისი განსაკუთრებით აქტუალური ონლაინ სწავლების პირობებში გახდა.

„სკოლების დაწყების და პერიოდული თვითიზოლაციების დროს აღმოჩნდა, რომ მშობლების ძალიან დიდ რაოდენობას ეს პრობლემა დაუდგა. ბავშვი ონლაინ კი სწავლობს, მაგრამ ეს ყველასთვის მისაღები არ იყო. ამიტომ მშობლები ეძებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დროებით სახლში იარონ და მის შვილს სხვადასხვა საგანში დაეხმარონ. „მაინენის“ ეს კომპონენტი ძალიან მალე გახდა მოთხოვნადი. ეს დღეები მშობლების მესიჯებსა და ზარებს ვერ ავუდივართ“,- განაცხადა სტარტაპის დამფუძნებელმა, ნინო დვალიძემ.