მუხათწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სააგარაკე კომპლექსი აშენდება
ბოლო პერიოდში თბილისის შემოგარენში სააგარაკე დასახლებებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. შესაბამისად, იმატებს ამ ტერიტორიებზე ნაკვეთების ფასები. ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქიდან 14 კილომეტრის მოშორებით, ახალი სააგარაკე დასახლება გაჩნდება.
კერძოდ, დასახლების შექმნა დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ. ტერიტორიაზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა.
ტერიტორია ფიზიკური პირის საკუთრებას წარმოადგენს და გეგმის თანახმად, გათვალისწინებულია 44 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენება, რომელთა ფართობები მერყეობს 442 კვ.მ-დან 1122კვ.მ-მდე. განსაზღვრულია ერთი საერთო სარგებლობის 12 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობაც. დასახლებაში ჯამში გათვალისწინებულია 100 ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი.
სრული საპროექტო არეალის ფართობია 34492 კვ.მ. ფუნქციურ ზონებად განისაზღვრა: სააგარაკე-საცხოვრებელი ზონა, კომერციული ზონა, ლოკალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტერიტორია და გამწვანებული ტერიტორია.
საცხოვრებელი კომპლექსის საპროექტო გადაწყვეტით შეიქმნება მოწესრიგებული გეგმარებითი ერთეული, გამართული სატრანსპორტო და საინჟინრო კომუნიკაციებით, კომერციული ობიექტებით, საერთო სარეკრეაციო-სპორტული სივრცეებით და საფეხმავლო კავშირებით, რომელთა მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს კომპლექსის სპეციალიზებული ოპერატორი.
„თბილისის შემოგარენში და მასთან ახლოს, ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა სააგარაკე დასახლებების მიმართ ინტერესმა, საიდან გამომდინარეც ვვარაუდობთ, რომ მოწოდებული პროექტით, შევქმნით მოწესრიგებულად დაგეგმარებულ დასახლებას, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებლები, კომფორტული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნის წინაპირობაა. განვითარების შერჩეული პრინციპი თანხვედრაშია როგორც საჯარო ისე კერძო ინტერესებთან,“ - ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
კომპლექსის წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია ჭაბურღილის მოწყობა. რაც შეეხება კანალიზაციას, დაგეგმილია ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის აგება, რომლის შედეგად წარმოიქმნება სუფთა წყალი, რაც ნარგავების მოსარწყავად გამოიყენება.