“მტკივნეული გადაწყვეტილებები იქნება“ - ტიკარაძე წამლების ფასის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მედიკამენტების მაღალი ფასების წინააღმდეგ “მტკივნეული ნაბიჯების“ გადადგმას აპირებს.
მინისტრი აქვე დასძენს, რომ სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად იქცნენ.
“შეიძლება უფრო მტკივნეული გადაწყვეტილებების მღება, თუმცა ეს მტკივნეული შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ერთეულისთვის იყოს, მაგრამ ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში, რომელსაც მე აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება მხარს დამიჭერს , ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა, არამედ ეს არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, იმისათვის, რომ აღდგეს სამართლიანობა და ადამიანს, რომელსაც წამალი სჭირდება, რომლის ღირებულებასაც სამინისტრო და სახელმწიფო ფარავს, საკმაოდ დიდია ამ მიმართულებით ბიუჯეტი, ერთხელ და სამუდამოდ, ერთი წლით მაინც მოხდეს ფასის შეთანხმება და ყოველთვიური ვაჭრობა არ გაიმართოს ფარმაცევტულ სექტორსა და სამინისტროს შორის, რითაც შემდეგ ისინი ქმნიან გარკვეულ დეფიციტებს, ჩვენ კი, ყოველთვიურ რეჟიმში გვიწევს ახსნა განმარტებების მიცემა საზოგადოებისთვის, გარკვეულწილად თავის მართლებაც. ამ მიმართულებით თავი სამართლებელი ნამდვილად არ გვაქვს, უბრალოდ მნიშვნელოვანია გადაიდგას მეტად უფრო თამამი ნაბიჯები და ეს ნაბიჯებიც არ არის დამანგრეველი, ვინაიდან მთელი ევროპის ბაზარი მსგავსად არის რეგულირებული, გამჭვირვალობა და ხარისხზე კონტროლი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.
ამასთან, მისი თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება და მუშაობას დაიწყებს წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია.
“მნიშვნელოვანია GMP და GDP-ის სტანდარტების უკვე საყოველთაოობა. მრავალი წლის დაწყებული რეფორმა საუკეთესო საწარმო და საუკეთესო დისტრიბუციის პრაქტიკა მუდმივად გადაიდო, თუმცა ეს ყველაფერი შეჯერებული იყო ფარმაცევტულ საზოგადოებასთან თავის დროზეც, მაგრამ რატომღაც ისინი უარს აცხადებენ განვითარებაზე და მათთვის უფრო მომგებიანია იმ პირობებში მუშაობა და ისეთი წამლების მოწოდება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომლის ეფექტურობაც დაუდგენელია, სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ შევქმნით უახლოეს მომავალში და უკვე 2030 წლისთვის სრული სპექტრით იმუშავებს წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია. ასევე დავიწყებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მექანიზმების დანერგვაზე და მედიკამენტის ფასწარმოქმნის სისტემის სრულყოფაზე მუშაობას“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.