მთავრობამ საჯარო სამსახურში ხელფასების გაზრდის პრინციპები განსაზღვრა
მთავრობამ განიხილა განკარგულების პროექტი "საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპებისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე", რომელიც საჯარო სექტორში შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ეხება.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სხდომაზე განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაბამისად, განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი.
ეს მიმართულებებია: 2026 წლის იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულობითაც, ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში გაიზრდება არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი.
ასევე 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი.
"ანუ, განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მოცემულობით გვაქვს სიტუაცია, როდესაც საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე დაახლოებით 74%-ს შეადგენს კერძო სექტორთან მიმართებაში, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი იცვლებოდა, 93-94%-იც კი იყო, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 74%-მდე შემცირდა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმები ნიშნავს იმას, რომ 2026 წლამდე, საჯარო სამსახურში ყოველწლიურად ხელფასების ოდენობა დაახლოებით 10%-ით გაიზრდება.
განკარგულების პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება, "საქართველოს 2023 წლის სახელმწიფობიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტთან ერთად მოამზადოს და მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის საფუძველზეც "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.