"მსგავსი ინციდენტები და მცირე შეფერხებები დასაშვებია“ - გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიკოთზე
„მსგავსი ინციდენტები, მცირე შეფერხებები და ჩამოსვლები შესაძლებელია, დასაშვებია და ნორმალურია,“ - რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ მდგომარეობაზე რადიო „იმედის“ ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა ისაუბრა.
მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთი, რელიეფიდან გამომდინარე, ურთულესი პროექტია, რადგან ის გადის მთიან რეგიონში და ერთდროულად 52 გვირაბი და 97 ხიდი შენდება.
წერეთლის განცხადებით, თავის დროზე, ყველა ეტაპზე, რიკოთის უღელტეხილზე არსებული ვითარება შესწავლილი იქნა და შესაბამისი გეოლოგიური დასკვნებიც გაკეთებულია.
„როცა ამ პროექტის დაწყება გადაწყდა, ორმა საფინანსო ორგანიზაციამ - მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა - დააფინანსა რიკოთის უღელტეხილის საპროექტო შესყიდვის სამუშაოები. მაგალითად ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ და მომზადებულია ამერიკული კომპანია „აეკომის“და ასევე თურქული კომპანია „თემოსუს“ მიერ. ეს ორი უდიდესი კომპანიაა საგზაო ინჟინერიაში, ხოლო დანარჩენი მონაკვეთები აზიის განვითარების ბანკის მიერ იქნა დაფინანსებული. პროექტის შესყიდვა და მისი დამზადება კი ორმა იტალიურმა კომპანიამ უზრუნველყო,“- განაცხადა გიორგი წერეთელმა.
მისი თქმით, სამუშაოების დაწყებამდე ჩატარებულ იქნა შესაბამისი გეოლოგიური, გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევები.
რაც შეეხება კომპანიების პასუხისმგებლობას, წერეთელი ამბობს, რომ უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს აფინანსებს 3 სხვადასხვა დონორი - მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. ყველა პროცესი - საპროექტო შესყიდვა, საზედამხედველო სამუშაოების შესყიდვა თუ სამშენებლო სამუშაოები, სატენდერო პროცედურები თუ რომელი კომპანია უნდა შემოვიდეს, რა გამოცდილება უნდა ჰქონდეს - თანხმდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში, ეცნობიან პროგრესს, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. ეს ყველა პროცესი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთანაა შეთანხმებული. გიორგი წერეთლის განმარტებით, მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას უწევენ ასევე საერთაშორისო ტენდერით გამოვლენილი კორეული, თურქული და ფრანგული კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ შესაბამისი სპეციალისტები - ხიდის და გვირაბის ინჟინრები, გეოლოგები.
წერეთელი ამბობს, რომ ყველაზე რთული მონაკვეთი ჩუმათელეთი-ხევია, სადაც სამშენებლო პროცესი არსებულ გზასთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს.
„თვითონ რიკოთი ძალიან რთულია და ყველაზე რთული არის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი, სადაც არსებულ გზასთან გვიწევს სამშენებლო სამუშაოების წარმოება. უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც ქვათაცვენის პროცესები განვითარდა, სამუშაოები საერთოდ არ იყო ნაწარმოები და უბრალოდ თავისით განვითარდა ქვათაცვენის პროცესი,“- განმარტა წერეთელმა.
რაც შეეხება რიკოთის დაკეტვის გადაწყვეტილებას, რომელიც 30 მარტს იქნა მიღებული, მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ განვითარდა მეწყრული პროცესები, გრძელდებოდა ბზარების მონიტორინგი, ეს ბზარები განიცდიდა მატებას და მოძრაობას და არსებობდა საშიშროება, რომ მეწყერი წამოსულიყო და გზაზე ჩამოსულიყო.
„პირველადი კვლევების მონაცემებით, გავაგანიერეთ გზა, კედელი გადავწიეთ, გავზარდეთ დამცავი ბუფერული ზონა და მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი რეჟიმით გაგვეხსნა მოძრაობა,“ - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
„ესაა მთაგორიანი მონაკვეთი, სადაც ვაშენებთ 4-ზოლიან ავტომაგისტრალს, ასეთი ინციდენტები და მცირე შეფერხებები და ჩამოსვლები შესაძლებელია, დასაშვებია და ნორმალურია. ჩვენ ვაწარმოებთ 24-საათიან მონიტორინგს და საფრთხის შემთხვევაში კვლავ ვიქნებით იძულებულნი, დავკეტოთ მოძრაობა,“ - აღნიშნა წერეთელმა.
მისი განმარტებით, რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ის 4 ლოტადაა დაყოფილი და სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა პროგრესი აქვთ, თუმცა სამუშაოების 80% დასრულებულია. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მისივე განმარტებით, ხდება ფერდების მოჭრა და დასტაბილურება.
პირგელ მონაკვეთზე 40 ფერდია, რომლებსაც სჭირდება მოჭრა, კედლების მოწყობა, ბადეების გაკეთება, ანკერების მოწყობა და ა.შ. ეს საინჟინრო გადწყვეტები დამოკიდებულია გეოლოგიურ მდგომარეობაზე, მიწის შემადგენლობაზე - გრუნტების მახასიათებლებზე.
„ვვარაუდობთ და ვმუშაობთ, რომ 2023 წლისთვის ეს 52-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად იქნას დასრულებული,“ - განაცხადა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული მონაკვეთის გზებზე მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ზომები და რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია მძღოლებისთვის არ არსებობს. მთავარია რიკოთის გვირაბიდან დასავლეთის ან პირიქით ხევის მონაკვეთიდან გვირაბამდე მიმართულებაზე იყოს გაუჩერებელი მოძრაობა, რათა საცობები არ შეიქმნას, ასევე მთავარია, მძღოლები დაემორჩილონ შეზღუდვებს და ისე დაგეგმონ მგზავრობა, რომ დაწესებულ რეჟიმში ჩაეტიონ.
შეგახსენებთ, 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.