საზოგადოება
07/09/2021

მოსახლეობის აზრით, ქვეყანაში მაღალი კორუფციაა - საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში გავრცელებულია მაღალი დონის კორუფცია – კორუფციის ისეთი შემთხვევები, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. ამავე დროს, მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად აწყდება წვრილმან კორუფციას. კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა. 

წვრილმანი კორუფცია

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს.

კორუფციის კომპლექსური ფორმები 

ამავე დროს, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. გამოკითხულთა 56% ფიქრობს,  რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამასთან, მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევები გავრცელებული არ არის. 25% თავს იკავებს პასუხისგან.

გამოკითხულთა უმრავლესობა (51%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. ამასთან, მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევების გავრცელებული არ არის. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.

რეაგირება კორუფციის შემთხვევებზე 

გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. ამასთან, მხოლოდ 17% ფიქრობს, რომ გამოძიება სათანადოდ ხდება. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.

გამოკითხულთა 34% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 19% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს. ამასთან, გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი (47%) თავს იკავებს ცალსახა პასუხისგან.

საზოგადოების ნდობა სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში ასევე დაისვა კითხვები სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ ნდობის შესახებ.

ყველაზე მეტი ნდობით (63%) ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები სარგებლობენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ასევე ენდობა მასწავლებლებსა (61%) და ექიმებს (54%). შედარებით მაღალი ნდობით სარგებლობს პოლიცია (43%) და ადგილობრივი ხელისუფლება (39%).

ყველაზე დიდი უნდობლობა დაიმსახურეს საქართველოს პარლამენტმა (42%), ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (41%) და საქართველოს პრეზიდენტმა (40%).