საზოგადოება
12/05/2021

მოსახლეობა 2023 წლიდან ტყეში შეშას ვერ მოჭრის - რა ნორმებს ამკვიდრებს ტყითსარგებლობის ახალი წესი

საქართველოს ტყის კოდექსში ტყითსარგებლობის წესი შეიცვლა. 2023 წლიდან ტყეში შეშის მოჭრა ნებადართული აღარ იქნება. მოსაჭრელი ხეების რაოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილება სატყეო სამსახურებს მიენიჭებათ. სატყეო სამსახურები უზრუნვეყოფენ მათ ე.წ. საქმიან ეზოებში გამოტანასაც, სადაც მოქალაქეები სამასალე, სხვადასხვა ასორტიმენტისა და საშეშე მერქნის შეძენას შეძლებენ. ამ ეტაპზე, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 15-მდე სატყეო ეზო არსებობს.

როგორც სატყეო დეპარტამნტში აცხადებენ, აღნიშნული მოქალაქეებს მერქნულ რესუსრზე წვდომას გაუადვილებს.

„2023 წლიდან გლეხი და მოქალაქე ვეღარ შევა ტყეში, ვეღარ მოჭრის, თუმცა ვიტყოდი, რომ აღარ მოუწევს მოჭრა. ეს კარგი ფაქტია და მოსახლეობას აღარ მოუწევს იმ წვალებისა და იმ შრომის გაღება. ჩვენ ორგანიზებული ტყითსარგებლობით გვინდა უზრუნველვყოთ ის, რომ მოსახლეობას ქონდეს ლეგალური და მარტივი წვდომა საშეშე მერქანზე, ეს იყოს ეფექტური და მეორე მხრივ, მიზანი არის, რომ სამასალე ღირებულების მერქანი არ მოხვდეს ღუმელში და მესამეც, არ დავტოვოთ ნარჩენი, რომელიც უხვად არის სამწუხაროდ დატოვებული ბოლო წლების განმავლობაში ტყეებში, რაც იწვევს მავნებელი დაავადებების გავრცელებას, რასთან ბრძოლაც საკმაოდ რთულია და ასევე ხანძარსაშიშ სიტუაციააც ქმნის,“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.

2023 წლამდე ნარჩუნდება სტატუსკვო, თუმცა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, სადაც ახალი სერვისის მიწოდება შესაძლებელი იქნება, მოქალაქეებს ამ ალტერნატივით სარგებლობაც შეეძლებათ. რაც შეეხება ტარიფებს, გადასახადი 1 კუბურ მეტრზე 6 ლარი, უცვლელი დარჩება. დაიშვა ტყის რესურსების კომერციული მიზნით სარგებლობაც. კენკრისა და ნებისმიერი ტყის პროდუქტის კომერციალიზაციის მსურველები ერთ წლიანი სეზონური ნებართვის მიღებას, გარკვეული პირობებით, სატყეო სამსახურებიდან შეძლებენ. რაც შეეხება მოსაკრებელს, აღნიშნული საკითხი პარლამენტში მომდევნო ორ თვეში ინიცირდება.