საზოგადოება
15/02/2023

მიწისძვრის შემთხვევაში, მთავარი საფრთხე შენობებს შორის მცირე მანძილია - ურბანისტის შეფასება

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც თბილისს სეისმური კუთხით საფრთხეს უქმნის, ინტენსიური განაშენიანება და შენობებს შორის მცირე მანძილია. ამის შესახებ დედაქალაქის გენგეგმის ერთერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ რადიო „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

თურქეთის მიწისძვრის შესახებ საუბრისას ბოლქვაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ერთმანეთთან ახლოს მდგარი შენობებიდან ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი, დაზიანების მიუხედავად, გადარჩა და იქ ადამიანები არ დაღუპულან. ამას ბოლქვაძე კონსტრუქციული და განაშენიანების კუთხით არსებულ ხარვეზებს უკავშირებს და არა გეოლოგიურ პროცესებს, რადგან, მისი თქმით, არ შეიძლება, 10-15 მეტრში გეოლოგიური პროცესები განსხვავებული იყოს.

„თურქეთში გვერდიგვერდ, 6-10 მეტრის დაშორებით დგას შენობები, ესაა პირდაპირი დარღვევა. დაშორება მინიმუმ 20 მეტრი უნდა იყოს. არის ასევე ინსოლაციის ნორმა. იქ აშკარად ჩანს, რომ ეს ნორმები დარღვეულია,“ - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში, თბილისის განაშენიანება უფრო ხალვათი იყო. მომდევნო წლებში კი, კოეფიციენტების გაყიდვის „სამარცხვინო პრაქტიკა“ დაიწყო, რამაც განაშენიანება ინტენსიური გახადა და საფრთხეებიც გაზარდა.

„თბილისში, სწორედ სეისმო-რისკების გათვალისწინებით დადგენილია, რომ ერთ ჰექტარზე 300 მოსახლეზე მეტი არ უნდა ცხოვრობდეს. თუმცა დედაქალაქში არის არეალები, სადაც ეს ნორმა გადამეტებულია და მოსახლეობა ძალიან შემჭიდროებულია. თურქეთშიც შენიშნავდით რამდენად დიდია ინტენსივობა, ამიტომაც იქ ძნელდება უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა, ტექნიკის შეყვანა, სასწრაფო დახმარების მიწოდება და ხალხის გადარჩენა,“ - აღნიშნა ბოლქვაძემ და თბილისში ინტენსივობის გადაჭარბების მაგალითად ყიფშიძის ქუჩა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დაასახელა.

მისი თქმით, შენობების სიახლოვე, უსაფრთხოების გარდა, ასევე არღვევს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, მათ შორის ინსოლაციის კუთხით.

მისივე განმარტებით, საბჭოთა პერიოდში მშენებლობები 4 ტიპის იყო: აგურის, მსხვილბლოკოვანი (მაგალითად, ვარკეთილის, ვაზისუბნის, გლდანის ტერიტორიებზე არსებული 9-სართულიანი შენობები), მსხვილპანელოვანი და კარკასულ-პანელოვანი. მერაბ ბოლქვაძის თქმით, მიწისძვრის მიმართ ყველაზე გამძლე სწორედ მეოთხე, კარკასულ პანელური ტიპის სახლებია.