საზოგადოება
21/05/2021

მედალფა: სამედიცინო სექტორში ჯიბიდან გადახდების გაზრდა გარდაუვალია

სამედიცინო სექტორში გაზრდილი ხარჯები სერვისებით სარგებლობისას მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილის ზრდის წინაპირობა გახდა. ელექტროენერგიის მომატებული ტარიფი, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები და სხვა ფაქტორები კლინიკების გაზრდილი ხარჯების მიზეზად სახელდება.

„მედალფას“ გენერალური დირექტორი, გიორგი ამბროლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ჯიბიდან გადახდების ზრდა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის პირდაპირპროპორციულია.

"სხვა კლინიკების სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია, ჯიბიდან გადახდის წილის გაზრდა პირდაპირპროპორციულად კავშირშია მიმდინარე მოვლენებთან. ჯიბიდან გადახდა იზრდება მაშინ, როდესაც ტარიფი ფიქსირებულია, სხვა ხარჯები კი გაზრდილი. ის, რომ ჯიბიდან გადახდებს მსგავი პროცესები გამოიწვევს, ეს გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის? მარტივი კითხვაა, ვის ხარჯზე უნდა დაბალანსდეს ხარჯები? პირობითად, თუ სამედიცინო მომსახურების ტარიფი 500 ლარია, რომელიც 10 წლის წინ დაწესდა, დღეს კლინიკებისთვის ხარჯების გაზრდის პირობებში, ვის ხარჯზე უნდა მოხდეს დაბალანსება? ეს ხომ სფეროს აზარალებს. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ ჯიბიდან გადახდები გაიზრდებოდა. სიმართლე გითხრათ, ჯიბიდან გადახდა ჩვენი ინტერესი არ არის. ჯიბიდან გადახდა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ნიშნავს პაციენტის შემცირებას, რადგან გადახდისუნარიანობაა შემცირებული. არავის ინტერესი არის ჯიბიდან გადახდების ზრდა.

სამედიცინო სფეროს ნუ შევხედავთ, როგორც განყენებულ და განკერძოებულ სხვა მოვლენას. როგორც პროდუქტზე გაიზარდა ფასი და ამ მიმართულებით ჯიბიდან გადახდა გაიზარდა, ისეა სამედიცინო სფეროშიც“,- აღნიშნავს ამბროლიანი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისების დაფინანსების ტარიფების გადახედვისკენ სექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის იანვარში მოუწოდა, თუმცა ინდუსტრიას ჯერჯერობით შედეგი არ აქვს, მოლაპარაკებების პროცესი კი ამ დროისთვის შეწყვეტილია.

„მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო იყოს. ერთ-ერთ შეხვედრაზე ესეც გაჟღერდა. დაანონსდა რეფორმები, რომელიც ივნისი-ივლისიდან უნდა დაიწყოს. ეს გარკვეულწილად კავშირშია ტარიფიკაციასთან. სწორედ აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ კოლექტიური წერილით მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს. თუმცა, შეხვედრა ჯერჯერობით არ ჩანიშნულა“,- აღნიშნავს ამბროლიანი.

„მედალფას“ დირექტორი სახელმწიფოს ურჩევს, ფასწარმოქმნის ფორმულის მისაღებად პროცესში საერთაშორისო ექპსერტები ჩართოს. ამბროლიანი იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით მოლაპარაკებები მოკლე ხანში ორივე მხარის სასარგებლოდ დასრულდება.

„თუ ეს მოლაპარაკებები და განხილვები დაჩქარდება, დარწმუნებული ვარ, ისეთ შედეგს მივაღწევთ, რომ ჯიბიდან გადახდაც შემცირდება, ნორმალური ტარიფის ფასიც დაედება. მთავარი სწორი კომუნიკაციაა. თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი მხარე სიღრმისეულად და დეტალურად განხილვების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, უმჯობესია, სოლიდური თანხა იქნეს გადახდილი და დავიქირაოთ საერთაშორისო დონის ექპერტები, რომლებიც ამ დათვლაში მოგვეხმარებიან. არსებობს ამ გამოცდილების ხალხი. ასე მივიღებთ მოკლე დროში სწორ ტარიფებს, ვიდრე ეს საკითხი თვეობით და წლობით გაჭიანურდეს“,- განაცხადა მან.