საზოგადოება
25/06/2020

მარნეულში კოლეჯი მოდუსის ფილიალი 2021 წელს გაიხსნება

ქვემო ქართლში, ქალაქ მარნეულში კოლეჯი „მოდუსის“ ფილიალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ფილიალი ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს.

კოლეჯი „მოდუსი“ მარნეულის და მისი მეზობელი მუნიციპალიტეტების საჭიროების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება გადამზადების პროგრამებს განახორციელებს.

თანამედროვე სტანდარტების შენობა შშმ პირებისთვის სრულიად ადაპტირებული და 150 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

3 სართულიანი შენობა, რომელშიც თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები განთავსდება, შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით აღიჭურვება. გარდა სასწავლო კორპუსისა იგეგმება ასევე სასწავლებლის ეზოსა და ღია ტიპის სპორტული მოედნის მოწყობაც.

პროექტს განათლების სამინისტრო ახორციელებს. ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის რეგიონში მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯი „მოდუსი“ მოქმედებს, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს.

Businesspartner