ლევან დავითაშვილი: საიჯარო ვალდებულებით ტყის მონაკვეთი ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება გადაეცეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს ბაკურიანში ტყის მონაკვეთი ლეგალურად, იჯარის პირობებით გადაეცა და არავის არაფერი უჩუქებია.
მინისტრმა ტყის მართვის პრინციპებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, 90-იანი წლებიდან საქართველოში ტყე მხოლოდ სოციალური მიზნით გამოიყენებოდა, ტყის მართვის სწორი პრაქტიკა კი, მისი მრავალმხრივი გამოყენებაა.
"2020 წელს ახალი სატყეო კოდექსი მივიღეთ. ეს იყო მნიშვნელოვანი რეფორმის დასასრული, რომელზეც სახელმწიფო 7 წელი მუშაობდა, თავის პარტნიორებთან ერთად. ამ შემთხვევაში მთავარი პარტნიორი იყო გერმანიის მთავრობა. მათ შორის ევროკავშირი იყო ჩართული, რომ ქვეყანაში ტყის მართვის ისეთი პრინციპები დაგვედგინა, როგორიცაა ევროპაში, რაც გულისხმობს, ტყეების მდგრადად მართვას, ასევე მრავალმხრივი, მრავალფეროვანი სარგებლობის უფლებას, რაც ტყის გამოყენების სწორი პრაქტიკაა.
საქართველოში, სამწუხაროდ ,90-იანი წლების სიდუხჭირემ და პრობლემებმა, შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ ტყე მხოლოდ სოციალური მიზნებისთვის გამოიყენება, ანუ საშეშე მერქნის მოპოვება ხდებოდა. ტყე თავის ძირითად ფუნქციებს, ეკონომიკურს, სოციალურს, ეკოლოგიურს, ვერ ასრულებდა. ეს მთავარი პრინციპები ახალ კოდექსში შემოვიტანეთ და ამ კოდექსმა განსაზღვრა, მათ შორის ტყითსარგებლობის პირობები.
კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა. არავინ არავის არაფერი არ აჩუქა. ეს ჩუქება კი არა, პირიქით, ესაა ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით, ამასთან სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ტყის მონაკვეთი ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება გადაეცეს, კონკრეტული პირობებით. ამ შემთხვევაში კი, პირივილეგიით არავის უსარგებლია.
"აპელირებენ, რომ ეს არის პრემიერის ოჯახი, ან ვიღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. ეს იყო ღია წესით, აუქცინოს პირობებში, კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით გაცემული საიჯარო ხელშეკრულება. ყველას შეეძლო ამ აუქციონში მონაწილეობა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია იგივე გააკეთოს, იმ შემთხვევაში, თუ მზად არის, იგივე პასუხისმგებლობები იკისროს და ის ვალდებულებები, რომელიც მოიჯარისთვის არის განსაზღვრული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი განცხადებით, სახელმწიფოს ტყის მოსავლელად ძალიან მცირე რესურსი აქვს, პროცესში კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს.
"ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ტყის მოვლა-შენარჩუნების მიზანი, რადგან ის შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ, ან კომერციულ ობიექტთან.
რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა 3 მლნ-ზე მეტი ჰა-ს მოვლა ქვეყანაში, სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტყის მოვლის კუთხით რესურსებს ყოველწლიურად ვზრდით, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდება ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რომელიც გვინდა და რაც არის განსაზღვრული მთელ მსოფლიოში. ტყით სარგებლობის აბოსლუტურად სწორი მოდელია, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, ანუ სწორად მოვუაროთ. გარდა ამისა, ტყეს აქვს ეკონომიკური ფუნქციაც და არა მხოლოდ მერქნის მოპოვება, რაზეც ხდებოდა ძირითადი ზეწოლა წლების განმავლობაში. კოდექსმა განსაზღვრა, რომ 2023 წლიდან ჩვენ სოციალური ჭრა უნდა გავაუქმოთ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ტყე მერქნის მოპოვების მთავარი წყარო კი არ უნდა იყოს, პირიქით, ეკოტურიზმის და სხვადასხვა ისეთი სერვისების განვითარების, რომელიც ტყის ეკოლოგიასაც შეინარჩუნებს და ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც გააჩენს. ამ პრინციპების დაცვით მოხდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმება", - აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი.
ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სატყეო სააგენტო მოიჯარეს ხელშეკრულებას გაუუქმებს.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოლს, ბაკურიანში ტყე აჩუქა.