საზოგადოება
09/06/2022

ლალიაშვილი ტექინსპექტირებაზე: ჯარიმის ზრდასთან ერთად ადმინისტრირებაც უნდა გაუმჯობესდეს

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის შეფასებით, მოქმედი კანონმდებლობით, ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა იმდენად დაბალია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს ურჩევნიათ ჯარიმის გადახდა, ვიდრე ავტომობილის შეკეთება.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა 23%-ით არის შემცირებული, რაც მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ჯარიმები გასამკაცრებელია.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი ჯარიმების გამკაცრებაზე მუშაობს. კანონპროექტით, პირველადი ჯარიმა უცვლელი რჩება, თუმცა იგეგმება განმეორებითობის შემოღება.

ეკა ლალიაშვილის თქმით, ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის გასაზრდელად, ჯარიმების გამკაცრებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ადმინისტრირების გაუმჯობესებაც.

"არსებული სტატისტიკური მონაცემები ტოვებს განცდას, რომ ადმინისტრირება უნდა გაუმჯობესდეს. კანონპროექტი გვეუბნება, რომ ჯარიმის გამკაცრება ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის გაზრდის მოლოდინს ქმნის. ჯარიმა რა თქმა უნდა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამის ადმინისტრირება. გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე მოვისმინეთ მოსაზრება, რომ კამერებთან მიმართებაში ზოგჯერ ხარვეზები შეიძლება იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულფასოვანი ადმინისტრირება არ არის. მხარეებმა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტია სტატისტიკა. ჩვენ ვამბობთ, რომ მიმართვიანობა 23%-ით არის შემცირებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

კანონპროექტი ძალაში რომ შევა, შემდეგი წლიდან უკვე დავინახავთ, რამდენად მუშაობს კამერები და გაიზრდება თუ არა ცენტრებში მიმართვიანობა. თუმცა, დღეს მაინც გვაქვს იმის განცდა, რომ მეტი კამერა უნდა მუშაობდეს და ადმინისტრირებაც უფრო მკაფიო იყოს", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი გაუმართავი ტრანსპორტია.

"ჩვენს ქვეყანაში ახალი ავტომობილების მხოლოდ 3%-ია, ზოგი 5 წელზე ზემოთ არის, 45% კი, 20 წელს გადაცილებულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექნიკურ ინსპექტირებას თავს არიდებენ, ზოგს ურჩევნია ჯარიმა გადაიხადოს და ავტომობილი არ შეაკეთოს,  რა თქმა უნდა ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება იყოს კომბინირებული - იყოს მძღოლის ბრალეულობა, ამავდროულად მანქანის ტექნიკური გაუმართაობა. შესაძლოა, მიზეზი მხოლოდ ავტომობილის გაუმართაობაც იყოს. თუმცა, ჩვენი დღევანდელი სტატისტიკის მიხევით მიზეზს ცალსახად ვერ ვიტყვით", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილება შევა, რომლის მიხედვითაც ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა გამკაცრდება.

Businesspartner