საზოგადოება
15/03/2022

ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა იზრდება

საქართველოში თურქეთიდან 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია შემოტანილი, რომელიც ხელმისაწვდომია აფთიაქებში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგულირების სააგენტო კიდევ 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შემოტანაზე განიხილავს განაცხადს.  

"ძალიან მაღალია ინტერესი თავად თურქული დიდი მწარმოებლების მიმართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით",- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, იგეგმება ასევე ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილ იაფ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება. 

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების ჩართულობას, თამარ გაბუნიას თქმით, ისინი შეზღუდულები არ არიან და თუ ჩათვლიან საჭიროდ, შეუძლიათ საკუთარი ბენეფიციარებისთვის თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახადონ. 

"ბოლო პერიოდში აშკარად აღინიშნება განსხვავება მედიკამენტების ფასებში, საქართველოს ბაზარზე აქამდე არსებულ და თურქეთიდან ცოტახნის წინ იმპორტირებულ მედიკამენტებს შორის. ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომია გამოყენებისთვის ნებისმიერ სქემაში. კერძო დაზღვევა შეზღუდული არ არის და შეუძლია ეს მედიკამენტები საკუთარი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. 

რაც შეეხება საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის აუცილებელი მედიკამენტების გამოყენებას, ჩვენ ამ შემთხვევაში ვიყენებთ მედიკამენტების კონკრეტულ ჩამონათვალს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ დაემატოს ამ ჩამონათვალს ის მედიკამენტები, რომელიც შედარებით ნაკლებ ფასად შემოვიდა თურქეთიდან და ესეც გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი ბენეფიციარებისთვის, რაც დაზოგავს როგორც სახელმწიფო რესურსს ამ პროგრამის ფარგლებში, ასევე გაზრდის ბენეფიციარისთვის მედიკამენტების რაოდენობის მიღების შესაძლებლობას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

 

 

Businesspartner