საზოგადოება
14/05/2021

კონკურენციის სააგენტო საწვავისა და ფარმაციის ბაზრებს სწავლობს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში მოხსენებისას დეპუტატებს ბაზრების მონიტორინგისა და მოკვლევების შედეგები გააცნო.  

„საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს 7 არსებული ბაზრიდან დაასრულა 5 ბაზრის მონიტორინგი. მათ შორის იყო პურ-პროდუქტების, რითეილის, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, ავტო-დაზღვევისა და ჩვილ ბავშვთა ბაზრები. ეს სხვადასხვა დროს დაწყებული, კონკრეტული მიზნით არსებული მონიტორინგები იყო. ჩვენი შეფასებებისა და შედეგების მიხედვით, ჩაითვალა, რომ ამ ბაზრებზე კონკურენცია პოზიტიურ ჭრილშია განხილული. კომპანიები დინამიურ განვითარებას აჩვენებს და შესვლა-გამოსვლის თვალსაზრისით თანაბარი პირობებია. რაიმე ისეთი მიმართულება ამ ბაზარზე, რაც მოგვცემდა საფუძველს, რომ გადავსულიყავით მოკვლევის შემდეგ ეტაპზე, რეალურად არ ფიქსირდება“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ლექვინაძემ.  

გასულ წელსვე დასრულდა 6 მოკვლევიდან 3, საიდანაც ერთ შემთხვევაში კომპანია დომინანტური მდგომარეობაში ბოროტად გამოყენების გამო დაჯარიმდა. ორ კომპანიაში კი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტები გამოვლინდა.  

გასულ წელს 6 მოკვლევიდან 3 დავასრულეთ. ერთში დადგინდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და კომპანია შესაბამისად დაჯარიმდა. ორ კომპანიაში დადგინდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 2021 წლის პირველ კვარტალში 3 მოკვლევიდან 2 უკვე დასრულებულია. ერთ შემთხვევაში 4 კომპანიას დაუდასტურდა შეთანხმებული ქმედება და გაიცა შესაბამისი სანქციები. ასევე, ერთი კომპანიის შემთხვევაში არ დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. დარჩენილი გვაქვს ერთი ქეისი, რომელსაც 2021 წლის პირველ კვარტალში დავასრულებთ. ისიც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს ეხება“,- აღნიშნა მან.   

ირაკლი ლექვინაძის თქმით, სააგენტო საწვავისა და ფარმაკოლოგიის ბაზრების მონიტორინგს აგრძელებს.  

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაგრძელებთ ორი ბაზრის მონიტორინგს. ეს არის საწვავისა და ფარმაკოლოგიის ბაზარი. ფარმაცევტული სექტორის ბაზარს ვამუშავებთ ერთი მხრივ, ბაზარზე არსებული ვითარების თვალსაზრისით, მეორე მხრივ კონკრეტული მედიკამენტების 6 მიმართულებაზე, თუ როგორია კომპანიების კონცენტრაციის მაჩვენებელი. ამ შედეგებს საზოგადოებას წლის ბოლოს გავაცნობთ“,- განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.