კომფორტ ტაქსი: ტაქსის ძველი ტარიფით გამოძახებას ვეღარ შეძლებთ
ტაქსის მომსახურების გაძვირებულ ტარიფებს კომპანიები, პირველ რიგში, საწვავზე ფასის მატებას და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ. ამასთან, როგორც ისინი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავენ, ფასების მატება გაზრდილმა მოთხოვნამ, საცობებმა და ავტომობილის ნაწილების გაძვირებამაც განაპირობა.
„საბურავის ფასი გაიზარდა, გაძვირებულია ხუნდები, საწვავი და პირველ რიგში, ის თანხა გაიზარდა, რომელიც ადამიანს სჭირდება საკუთარი თავის და ოჯახის მომსახურებისთვის. სამომავლოდ, ფასები დამოკდებულია, თუ რა მსყიდველთუნრიანობა ექნება ფულს, ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა მიბმული. ადამიანი რომ ასხამდა 10 ლარის საწვავს და გამოიმუშავებდა 15 ლარს, ახლა ასხამს 18 ლარის საწვავს და ისევ იგივე 15 ლარს ხომ არ გამოიმუშავებს?! - უნდა გამოიმუშოს 23-25 ლარი, შესაბამისად უნდა გააძვიროს თავისი მომსახურება,“ - ამბობს კომპანია "200-200"-ის დამფუძნებელი, ნიკა ხოფერია.
"კომფორტ ტაქსის" დამფუძნებელი ლევან თავართქილაძე სხვადასხვა სერვისისა და მომსახურების გაძვირება ტაქსების მომსახურებაზეც აისახა.
„ყველაფერი ძალიან გაძვირებულია, ამიტომ თქვენ ახლა ჩვენთან რომ დარეკოთ და გამოიძახოთ ტაქსი, ძველი ტარიფით არ მოვა მძღოლი, ამიტომ იძულებული გავხდით, მცირე დოზით მოგვემატებინა საფასური. მგზავრობის ტარიფი ყველგან არის მომატებული 50 თეთრით, ან 1 ლარით. თუ მანქანა წვავს 7 ლიტრს, ვიხდიდით დაახლოებით 14 ლარს, ახლა ვიხდით 21 ლარს და იგივე ტარიფით მომსახურება ფიზიკურად შეუძლებელი ხდება,“ - განმარტავს თავართქილაძე.
რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, როგორც კომპანიები განმარტავენ, სხვა ტიპის ტრანსპორტი ტაქსის მომსახურების ფასების ფორმირებაზე გავლენას არ ახდენს. სამომავლო ტარიფები კი ფულის მსყიდველთუნარიანობასა და საწვავის ფასის ცვლილებაზეა დამოკიდებული.
ამასთან, კომპანიების ცნობით, ტაქსის მძღოლების კვირაში ერთხელ, კოვიდ ტესტირების პროცესიც გრძელდება.