საზოგადოება
01/11/2021

კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისების შეზღუდვას აპროტესტებენ

კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართვის შეზღუდვას აპროტესტებენ.

როგორ jandacva.ge-ს ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა, პრობლემა ჯერ კიდევ პანდემიამდე წარმოიქმნა, როდესაც სპეციალური საიტი, სადაც ახალი მიმწოდებლებისა და სერვისების ატვირთვა ხდებოდა, ჩაიკეტა.

„ადრე არსებული პრაქტიკით, ყოველი თვის 15 რიცხვში კლინიკები ვტვირთავდით ამა თუ იმ სერვისის კოდებს, რის შემდეგაც ამ სერვისის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეგისტრაცია ავტომატურად ხდებოდა.  ახლა საიტი დაკეტილია. მაგალითად, ჩვენს კლინიკას ჰყავს ტრავმატოლოგთა გუნდი და გვსურდა მუხლის მკურნალობის სერვისითაც ჩავრთულიყავით საყოველთაო ჯანდაცვაში, თუმცა ეს შესაძლებლობა შეზღუდულია. ანუ ჩვენი ტრავმატოლოგი ამ კონკრეტულ პროცედურას ჩვენ კლინიკაში ვერ ჩაატარებს. ეს ხელოვნური შეზღუდვაა,“- განაცხადა მახარაშვილმა. კითხვაზე, თუ ჰქონდათ სამინისტროსთან კომუნიკაცია და რით ხსნის უწყება ამ ცვლილებას, მახარაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს სურს სერვისების სეგმენტაცია შეამციროს. აქ იგულისხმება შემდეგი: მაგალითად, ერთი ქირურგი ერთი და იგივე ოპერაციას სხვადასხვა კლინიკაში აკეთებს. სახელმწიფოს კი არ მოწონს „მორბენალი“ ექიმების  პრაქტიკა და ცდილობს, ეს სეგმენტაცია შეამციროს. თუმცა, მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ეს პაციენტის უფლების შეზღუდვაცაა, რადგან შესაძლოა ადამიანს კონკრეტული სერვისის მიღება კონკრეტულ კლინიკაში სურდეს.

მახარაშვილი ამბობს იმასაც, რომ თანხების დაზოგვის კუთხით აღნიშნული შეზღუდვა შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მიბმულია პაციენტზე და არა კლინიკაზე. მაგალითად, თუ 100 პაციენტს სურს ოპერაციის ჩატარება, 100-ვე ამას გააკეთებს, თუმცა მას შეზღუდული არჩევანი ექნება, რომელ კლინიკაში მიიღოს მომსახურება.

ამასთან, მაია მახარაშვილი ამბობს იმასაც, რომ სერვისებისა და სამედიცინო დაწესებულებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შეზღუდვა კლინიკებს განვითარების საშუალებას ართმევს და ახლა რომ ვინმეს კლინიკის გახსნა სურდეს, ეს რეგულაცია მისთვის შემაფერხებელი გარემოება იქნებოდა.

მაია მახარაშვილის პოზიციაა, რომ  სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს, რომელი პროფილის ექიმები გვყავს ჭარბი რაოდენობით, რა მიმართულებითაა დეფიციტი და  სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობაც ამის მიხედვით განისაზღვროს. მისი აზრით, სწორედ ასეთი ანალიზი და მასზე დაფუძნებული სტრატეგიის დაგეგმვაა გამოსავალი და არა – კლინიკებისთვის სერვისების მიწოდების შეზღუდვა და სფეროს ამ გზით რეგულირება.

რატომ დაწესდა შეზღუდვები სერვისების ატვირთვასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების დამატების შეზღუდვა – ამ კითხვით Jandacva.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, სადაც ასეთი განცხადებით შემოიფარგლნენ: „შექმნილია კომისია, რომელიც განიხილავს პროგრამაში ახალი სერვისის/მიმწოდებლის ჩართვის აუცილებლობას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და სხვა საჭიროებების საფუძველზე. პორტალზე ახალი სერვისის რეგისტრაცია ხდება კომისიური გადაწყვეტილებით.“

 

jandacva.ge