კიბერდანაშაული ფინანსური სარგებლისთვის - ბრძოლის მექანიზმი მკაცრდება
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი მკაცრდება. ცვლილება “სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის და ემატება 2 ახალი მუხლი, რომელიც ეხება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას ფინანსური სარგებლის მიხედვით, აგრეთვე ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნას.
კონკრეტულად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ან/და კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა, შეცვლა, წაშლა, დაფარვა ან/და კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახის უნებართვო ჩარევა თავისთვის ან სხვისთვის ქონების უფლების მოპოვების ან ნებისმიერი სახის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც გამოიწვია სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 160 საათიდან 200 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით 1-დან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი (150 ლარის ზევით მიყენებული ზიანი) გამოიწვია დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 7 წლამდე.
თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (10 000 ლარის ზევით მიყენებული ზიანი), ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 10 წლამდე.
თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტის მიმართ (სახელმწიფო ორგანო ან იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის), ან იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის/ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11 წლამდე.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო ჩასმით, შეცვლით, წაშლით, ან დაფარვით ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის მიღება, მის ნამდვილ/უტყუარ მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, გასაღება ან/და გამოყენება, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
თუ ქმედება ჩადენილი იქნება არაერთგზის, გამოწივია მნიშვნელოვანი ზიანი, გამოყენებული იყო სამსახურებრივი მდგომარეობა, სასჯელი სახედ განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 6 წლამდე.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი შსს.
როგორც ავტორი განმარტავს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ, კიბერდამნაშავეებს საშუალება მისცა მაქსიმალურად შეიჭრან სხვადასხვა სფეროში, რომლებიც დაკავშირებულია მათ შორის ფინანსურ სექტორთან, რითაც არაერთი მოქალაქე დაზარალდა. კიბერდანაშაულის სტატისტიკა ბოლო წლებში მზარდია.
მაგალითად, შსს-ს მონაცემებით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა 2010 წელთან შედარებით 2000-ით არის გაზრდილი.