საზოგადოება
17/08/2021

ხელმისაწვდომია თუ არა 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის უგირავნო სესხი

ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ საგრძნობლად გამკაცრებულმა საბანკო რეგულაციებმა, ზოგადად, სესხებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდა. ეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის გატარებით აიხსნა. თუმცა, ითვლება, რომ ცვლილებები განსაკუთრებით იგრძნეს ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულმა წევრებმა და შეზღუდვები მათზე მტკივნეულად აისახა, რამდენადაც, მათ ასაკის ფაქტორის გამო სესხის მიღების შესაძლებლობა შეეზღუდათ.

იმის გასარკვევად, რეალობას შეესაბამება თუ არა აღნიშნული მოსაზრება, „ბანკები და ფინანსებმა“ მცირე მოკვლევა ჩაატარა. ჩვენ გვაინტერესებდა საქართველოში მოქმედი წამყვანი ბანკები რა პირობებით სთავაზობენ 60 წელს გადაცილებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სესხს და არის თუ არა ამ დროს შემაფერხებელი ფაქტორი – ასაკი.

როგორც გაირკვა, „საქართველოს ბანკს“ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეზე უგირავნო სესხის გაცემისას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. თუმცა, სესხის მიღების მსურველს უნდა გააჩნდეს სახელფასო, საიჯარო, ან გზავნილების საფუძველზე დადასტურებული შემოსავალი.

„თიბისი ბანკის“ შემთხვევაში მოქმედებს 65 წლამდე ასაკობრივი შეზღუდვა, მაგრამ, როგორც ბანკში აღნიშნავენ, კონკრეტული განაცხადი ინდივიდუალურადაც შესაძლოა იყოს განხილული და მხედველობაში იქნას მიღებული როგორც საკრედიტო ისტორიის მონაცემები, ისე მიმდინარე შემოსავლების სტრუქტურა.

„პროკრედიტ ბანკი“ ყველა განაცხადს ინდივიდუალურად უდგება და ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს დაწესებული, თუმცა აქვს მაქსიმალური ლიმიტი უგირავნო სამომხმარებლო სესხზე და ის 15 000 ლარით არის განსაზღვრული.

„კრედო ბანკი“, რომელიც საცალო პროდუქტებზე ფოკუსირებით გამოირჩევა, მომხმარებლებს უგირავნო სესხს მხოლოდ 70 წლამდე სთავაზობს. განაცხადი შესაძლოა დაფინანსდეს 500 ლარიდან და ზევით, შეუზღუდავად, 4-დან 10 წლამდე ვადით. აქაც, როგორც ბანკების უმეტესობის შემთხვევაში, შემოსავლების სტრუქტურა ინდივიდუალურ შესწავლას ექვემდებარება.

კიდევ ერთი მსხვილი ბანკის- „ბაზისბანკის“ შემთხვევაში, მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 65 წლამდე, თუმცა, შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება და აქაც ყველა განაცხადი უგირავნო სამომხმარებლო სესხზე ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილება.

„ვითიბი ბანკიც“ ასაკოვან მოქალაქეებზე უგირავნო სესხებს გასცემს მხოლოდ დადასტურებული შემოსავლის საფუძველზე. ამასთან, „ვითიბიში“ მოქმედებს გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვაც – სესხის დაფარვისას მსესხებლის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 70 წელს.

„ლიბერთი ბანკი“ ქართულ საბანკო სივრცეში ერთადერთი კომერციული ბანკი აღმოჩნდა, რომელიც ხანდაზმული მოქალაქეების შემოსავლის წყაროდ პენსიასაც განიხილავს და მხოლოდ მის საფუძველზეც გასცემს სესხს. ამ შემთხვევაში, განაცხადის დამტკიცებისას ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.

უფრო კონკრეტულად კი  74 წლამდე ასაკის მომხმარებელს საშუალება აქვს პენსიით უზრუნველყოს სასესხო განაცხადი და  ისარგებლოს მაქსიმუმ 10 000 ლარიანი ლიმიტით. ხოლო 74 წელს ზემოთ მყოფი მომხმარებლისთვის მოქმედებს მისი პენსიის მხოლოდ 5-მაგი ოდენობის ლიმიტი.

ამასთან, როგორც „ბანკები და ფინანსების“ მოკვლევით გაირკვა, „ლიბერთი ბანკი“ ყველა სასესხო განაცხადს ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს 70 წლამდე   მსესხებლებისთვის- გამომდინარე  მისი ფინანსური შემოსავლების სტრუქტურიდან. ე.წ საპენსიო სესხი კი ზუსტად ისევე განიხილება, როგორც სამომხმარებლო სესხი – სამომხმარებლო სესხებზე საქართველოში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოქმედი ყველა წამყვანი ბანკი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სესხს თავისი  პირობებით გასცემს, „ლიბერთი“ კი  70 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებს თავისუფალ რეჟიმში, მათზე მორგებული სერვისით ემსახურება.

„ბანკები და ფინანსები“   ასაკის ფაქტორის გამო სესხის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას  მომავალშიც განაგრძობს. მომდევნო  სტატიაში, შესაძლებლობა გვექნება,  უფრო დეტალურად გაგაცნოთ, თუ რა პირობებით გაიცემა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის სესხი და არის თუ არა განსხვავება ბანკების მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ მომსახურებებს შორის.

 

წყარო: bfm.ge