კატერი, ტაქსი, ავტომობილი ბავშვის თანდასწრებით - სად და რატომ აიკრძალება მოწევა
"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი გამკაცრდება. მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც მოწევა აიკრძალება კატერში, ტაქსში, ავტომობილში არასრულწლოვანის თანდასწრებით.
საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აკეთებს განმარტებას.
NCDC-ის თქმით, ჯანმო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტად განმარტებული უნდა იყოს ნებისმიერი ავტომობილი, რომელიც გამოიყენება საზოგადოების წევრების გადასაყვანად, ჩვეულებრივ, კომერციული მიზნისთვის, რომელიც მოიცავს ტაქსებსაც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციით, თამბაქოს მოხმარებისგან და მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან ბავშვებისთვის უზარმაზარი პოტენციური ზიანის გამო, სახელმწიფოებს ევალებათ მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო და მარეგულირებელი ზომა ბავშვების თამბაქოსგან დასაცავად.
"სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბავშვების ინტერესების დაყენება თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებზე მაღლა", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
მათი განმარტებით, ბავშვები შედარებით პატარა ფილტვის ტევადობითა და სხეულის წონით უფრო უარყოფითად განიცდიან ნიკოტინის ზემოქმედებას ჰაერით განაწილებული ნაწილაკების საშუალებით, ვიდრე მოზრდილები.
ავტომობილში არსებული ჰაერის მცირე მოცულობის გამო, ასევე იმის გამო, რომ ნაკლებია მისი გაწმენდის და ვენტილაციის შანსი, მანქანაში შესაძლოა დაგროვდეს მავნე ნივთიერებების ნაწილაკების დიდი რაოდენობა.
ის მექანიზმები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ავტომობილებში მეორადი კვამლის გასადევნად (როგორიცაა ღია ფანჯრები ან ლუქები), არაა ეფექტიანი. სატრანსპორტო საშუალების გარეთ არსებული ჰაერის დადებითი წნევის გამო, თამბაქოს კვამლი რჩება ხოლმე ავტომობილში.
მანქანაში არსებული თამბაქოს კვამლის ნაწილაკების ჰაერში შემცველობის დონე სიგარეტის ჩაქრობის შემდეგაც რჩება და შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაუბრუნდეს მოწევამდე არსებულ დონეს.
ბავშვები სუნთქავენ ზრდასრულებზე უფრო სწრაფად, ამის გათვალისწინებით, ისინი მეტად განიცდიან მეორადი კვამლის ზემოქმედებას. მათი ფილტვები და იმუნური სისტემა კვლავ განვითარების ეტაპზეა, ამიტომ მათ აქვთ მეტი რისკი, რომ მიიღონ ზიანი.
მოქმედი კანონმდებლობით, თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ნებისმიერ დახურულ სივრცეში, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია. აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა.
მოწევა აკრძალულია საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სხვა სასწავლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.
მოწევა იკრძალება სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ამ დაწესებულებების ტერიტორიებზე, გამონაკლისია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე სპეციალურად განსაზღვრული ადგილი, რომლის ფართობი 20 კვ.მ-ზე მეტი არ უნდა იყოს.
მოწევა აკრძალულია აგრეთვე, ბენზინგასამართ, გაზგასამართ სადგურებზე და სტადიონებზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.