საზოგადოება
19/07/2022

კარგი მმართველობა სპორტში - პროგრამას ბიუჯეტი დააფინანსებს

2023 წელს სპორტში კარგი მმართველობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება, რომლისთვისაც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებები იქნება გათვალისწინებული. ცვლილებას "სპორტის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

კანონპროექტის მიხედვით, კარგი მმართველობა არის ეროვნული სპორტული ორგანიზაციების, როგორიცაა სპორტული ფედერაციები, ასოციაციები, კავშირები, ოლიმპიური კომიტეტი, პარაოლიმპიური კომიტეტი, მართვა სამინისტროს მიერ დამტკიცებლი კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენებით. 

როგორც განმარტებით ბარათში წერია, კარგი მმართველობის პრინციპები არის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მიდგომების, წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას, დემოკრატიულ მმართველობას, შიდა ანგარიშგების სისტემის განვითარებას, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებას. 

კანონპროექტის თანახმად, ეროვნული სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო გამოყოფს ასიგნებებს, ახორციელებს მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას და ატარებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს. აგრეთვე, სამინისტრო უზრუნველყოფს ეროვნული სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენების მონიტორინგს და შეფასებას.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ ეროვნული სპორტული ორგანიზაციების მიერ სამინისტროს დამტკიცებული პრინციპების არ გამოყენების შემთხვევაში, დარგობრივ სამინისტროს უფლება მიენიჭება, ორგანიზაციის გაფრთხილებისა და ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ, შეუმციროს ან შეუჩეროს ორგანიზაციას სახელმწიფო დაფინანსება. 

კანონპროექტით, საქართველოს მთავრობის, დარგობრივი სამინისტროსა და სახელმწიფო დაფინანსების მიმღების პორტული ორგანიზაციების მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, განისაზღვრა გონივრული ვადები. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას დაევალა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი ასიგნებები სპორტში კარგი მმართველობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის. 2023 წლის 1 მაისამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს სპორტში კარგი მმართველობის პრინციპები და განსაზღვროს ეროვნული სპორტული ორგანიზაციების მიერ პრინციპების გამოყენების მონიტორინგისა და შეფასები სწესი. 

2024 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა დაიწყოს ეროვნული სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენების მონიტორინგი და შეფასება, აგრეთვე შეფასების ანგარიშების გამოქვეყნება. აგრეთვე, ძალაში შევა სახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების ვალდებულება, უზრუნველყონ პრინციპების გამოყენების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმისა და სტრუქტურის შესაბამისად, თვითშეფასების ანგარიშების მომზადება და გამოქვეყნება.

2025 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევა, კანონპროექტის დებულება, რომელიც ადგენს, რომ ეროვნული სპორტული ორგანიზაციისთვის სახელმწიფო დაფინანსების მიღების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენება წარმოადგენს.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, 2023-2025 წლის განმავლობაში, კარგი მმართველობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს ეროვნული სპორტული ორგანიზაციების შესაძლებლობების იმ დონეზე განვითარებას, რომ ისინი 2025 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ განსაზღვრული პრინციპების წარმატებით დანერგვასა და გამოყენებას.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, კანონპროექტის თანახმად, სპორტული ფედერაციებისთვის კარგი მმართველობის პრინციპებისგამოყენების ვალდებულება ამოქმედდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ პროგრამის მაქსიმალური ღირებულება გათვალისწინებული იქნება 2023-2024 წლებისთვის - 100 000 ლარი (თითო წელზე).

"თუ დავუშვებთ, რომ 2024 წლის 1 სექტემბრამდე, სახელმწიფო დაფინანსების მიმღები სპორტული ორგანიზაციების მიერ მოხდება ყველა ძირითადი პრინციპის დანერგვა, შემდგომ წლებისთვის დასაშვებია სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის შემცირება, თუმცა 2024 წლის შემდგომაც მისი განხორციელება და შესაბამისი რესურსის გათვალისწინება იქნება აუცილებელი ქართულ სპორტში კარგი მმართველობის მხარდაჭერისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სამინისტროში შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა 2-ით გაიზრდება, რომელთა ანაზღაურებისთვის ჯამური წლიური ხარჯი 60 720 ლარს შეადგენს. 

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მისი შესაძლო გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე 2023-2026 წლებისთვის.

2023 წელი - სპორტში კარგი მმართველობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - 100 000 ლარი. 

ქვეპროგრამები - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მართვისა და
განვითარების მხარდაჭერა - 30 000 ლარი. 

საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება - 20 000 ლარი. 

კვლევითი საქმიანობის განხორციელება - 15 000 ლარი. 

საგანმანათლებლო ღონისძიებები - 20 000 ლარი. 

მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა - 10 000 ლარი. 

სამინისტროს 2 ახალი თანამშრომლის ანაზღაურება - 60 720 ლარი. 

ჯამში, წლიურად გათვალისწინებულია 160 720 ლარი. 

ჯამში იგივე თანხაა გათვალისწინებული 2024 წლისთვისაც. შემდგომ წლებში ბიუჯეტი მცირდება. 2025 წლისთვის ჯამში გათვალისწინებულია 140 720 ლარი. 2026 წელს კი, 120 720 ლარი. 

 

Businesspartner