ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციის გამარტივებაზე პროექტს მხარი არ დაუჭირა
ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციის გამარტივებაზე პროექტს მხარი არ დაუჭირა
ჯანდაცვის კომიტეტმა ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც “თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, მხარი არ დაუჭირა.
საკანონმდებლო წინადადება თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციის გამარტივებას ეხებოდა. ასოციაცია პარლამენტს მიმართავდა, რომ თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციისა და განთავსების მიზნებისთვის, ტრადიციული თამბაქოს ნაწარმისგან განსხვავებული პირობები და ვალდებულებები დაწესებულიყო.
ცვლილება ეხებოდა კანონის მუხლს, რომელიც თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მოწყობილობის რეალიზაცია-განლაგებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, შენარჩუნდებოდა თამბაქოს ნაწარმის ინტერნეტით ან ფოსტით საცალო ვაჭრობის აკრძალვა, თუმცა დასაშვები იქნებოდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით გაყიდვა, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა მათზე დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება.
ამასთან, შიდა ხილვადობასთან დაკავშირებული აკრძალვა აღარ შეეხებოდა თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილ მოწყობილობას. შიდა ხილვადობის აკრძალვისაგან გამონაკლისი შეეხებოდა არა მხოლოდ აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებს, არამედ ნებისმიერი, მათ შორის სახმელეთო საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებსაც. ცვლილება ეხებოდა თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის ნაწილსაც. მოქმედი კანონმდებლობით, იკრძალება პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, დაზუსტდებოდა, რომ პირდაპირ პერსონალურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული აკრძალვები არ შეეხება შემთხვევებს, როდესაც პროდუქტის რეალიზატორი მომხმარებელს/შემძენს აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას: პროდუქტის დასახელება და სახე; პროდუქტის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქტი; შესაბამის შემთხვევაში - იმ პროდუქტის ვარგისობის ვადა (პროდუქტის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება; შესაბამის შემთხვევებში - პროდუქტის წონა ან/და მოცულობა; შესაბამის შემთხვევაში - პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა; შესაბამის შემთხვევაში - პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები; მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ დათქმის შემთხვევაში - საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები; პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.
“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში გაწერილია, რომ 2022 წლის 31 დეკემბრიდან აკრძალული იქნება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზირებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება. საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, სტანდარტიზირებული შეფუთვის ვალდებულება არ გავრცელდებოდა თამბაქოს ნაწარმის ორ სახეობაზე - თამბაქოს ახალ ნაწარმზე და გასახურებელ თამბაქოზე. ასევე, კანონში წერია, რომ 2022 წლის 31 დეკემბრიდან აკრძალული იქნება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.
ნებისმიერი წარწერა შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, აკრძალული იქნება ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწესის დატანა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, აღნიშნული რეგულაცია არ შეეხებოდა თამბაქოს ახალ ნაწარმსა და გასახურებელ თამბაქოს.
ამასთან, განსაზღვრული ვადა (2022 წლის 1-ლი იანვარი), რომლის დადგომამდეც დასაშვებია თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოს შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსება პიქტოგრამის გარეშე, ხოლო გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია არ იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30%-ზე ნაკლებს, უნდა გაგრძელებულიყო 2 წლით, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.