საზოგადოება
08/09/2021

ჯანდაცვის ასოციაცია: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად ერთიანდებიან. უკვე შეიქმნა ჯანდაცვის ასოციაცია, სადაც 13 სამედიცინო დაწესებულება უკვე გაერთიანდა. ასოციაციის წევრი კლინიკების წარმომადგენლები ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების მოგავრებას სწორედ ახალი პლატფორმის საშუალებით შეეცდებიან. რა მიზანი ექნება ახლადდაფუძნებულ ასოციაციას, რა გამოწვევებია ჯანდაცვის სექტორში პანდემიის ფონზე და რა უნდა შეიცვალოს. გთავაზობთ ინტერვიუს ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან:

– რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა მიმართულებით სჭირდება ჯანდაცვის სექტორს გაძლიერება?

–   ასოციაციის ძირითადი მიზანია ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება და ეს გაძლიერება გამორიცხულია მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე ადგილობრივ და საერთაშირისო პარტნიორებთან. რაც შეეხება ფუნქციას, ასოციაციის ფუნქცია იქნება, მოისმინოს და გაითვალისწინოს ამ სექტორში ჩართული და პირველ რიგში ასოციაციის წევრი ორგანიზაციის პრობლემები და იმუშაოს ამ თემებზე, რათა არგუმენტირებული, საექსპერტო აზრის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიმღებთათვის საუკეთესო გამოსავალი დაიდოს.

– რა არის დღეს ჯანდაცვის სექტორის მთავარი გამოწვევა. რა აჩვენა პანდემიამ – რა მიმართულებით არის მეტი სამუშაო, რომ ვითარება გამოსწორდეს?

– პანდემიამ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა სექტორი. ეს არაა მხოლოდ პანდემიის, ესაა ეკონომიკის ნაწილი. როგორც სხვა ყველა სფეროს, ჯანდაცვის სექტორსაც პანდემიამ რთული ფინანსური შედეგები მოუტანა. ინფლაცია, კურსთა შორის სხვაობა, სახარჯი მასალისა და მედიკამენტების გაძვირება,  ეს საერთო ფონი ჯანდაცვის სექტორსაც ეხება თან იმ პირობებში, როცა ესაა სექტორი, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში ძირითადი რგოლია. მეორეს მხრივ ესაა სფერო, რომელიც პანდემიის გარეთაც მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისებს აწვდის, გაძვირებულ ფონზე და ამ ეკონომიკურ სიტუაციაში საკმაოდ რთული გახდა სამედიცინო დაწესებულებების ოპერირება. ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა და ასოციაციის მუშაობის მთავარი პრიორიტეტი იქნება ტარიფიკაცია და ინდექსაცია, რადგან ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი და მას შემდეგ დიდი დროა გასული. ამას ემატება ყველა ის ცვლილება, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა. ეს ართულებს ოპერირებას და რისკის ქვეშ აყენებს ხარისხიანი სერვისების მიწოდებას. ეს რისკები რომ ავიცილოთ, საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და გამჭვირვალე, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობილი ტარიფების შემუშავება, რაც სისტემის ეფექტიანი მუშაობის საწინდარი გახდება.

– რაც შეეხება ტარიფიკაციას, 520-ე დადგენილების საკითხის განხილვა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გარკვეულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ეხება, კოვიდპანდემიის გამო შეწყდა. ამ მიმართულებით თუ გქონდათ ბოლო პერიოდში კომუნიკაცია და როდის აპირებთ თემის გააქტიურებას?

– დადგენილება ისე დარჩა, როგორც იყო. პანდემიის გამო ამ თემის პრიორიტეტულობამ გადაიწია და პრობლემა პრობლემად რჩება. კლინიკების წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ჯანდაცვის სამინისტროში, მაგრამ საბოლოო შედეგამდე ვერ მივედით. ერთერთი მიზანი ჩვენი ასოციაციისა ეს საკითხიცაა, რომ დავსხდეთ, დავიხმაროთ ექსპერტები და წარვადგინოთ სამინისტროსთან ჩვენი შედეგები, განვაახლოთ კომუნიკაცია, რათა ერთიან სწორ შედეგებამდე მივიდეთ. ასოციაციის დამფუძნებლები დღესვე შევთანხმდით, რომ ტექნიკურ ჯგუფთან შეხვედრა გაიმართება. შევაჯერებთ თითოეული კლინიკის მიერ გაწეულ შედეგებს და ერთიან პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. ვფიქრობ, შესაძლოა ამ თემაზე კომუნიკაცია უკვე მომდევნო კვირაში გავააქტიუროთ.

– რა ხარვეზებია კოვიდ კლინიკების მართვის და სამედიცინო სერვისის ხარისხის კუთხით? რა რეკომენდაციები გაქვთ სახელმწიფოს მიმართ?

– ხეჩინაშვილის კლინიკა, რომელსაც მე წარმოვადგენ, ჰიბრიდული კლინიკაა. გვაქვს 35 საწოლზე გათვლილი კოვიდ განყოფილება. ეს შეიძლება საერთო სურათში ბევრი არ იყოს, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ.  კოვიდპაციენტების მართვაში ყველაზე დიდი პრობლემა შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების არასაკმარისი რაოდენობაა. ეს ეხება როგორც ექიმებს, ისე საშუალო მედპერსონალს. კადრების რაოდენობა შეზღუდულია, ამ დროს კი  გაცილებით მეტი კადრია საჭირო, განსაკუთრებით კოვიდ განყოფილებებისთვის, სადაც 24 საათიანი მორიგეობაა. მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ერთი ექთნის მაგივრად სამი ექთანია საჭირო, რომ პაციენტების მოვლა ხარისხიანი იყოს. პანდემია ყველასთვის დიდი ტვირთი და გამოწვევაა და აქ ნაკლებადაა გათვალისწინებული რაიმე ფინანსური ინტერესი. აქ მთავარი ინტერესია, პაციენტებს ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ. ამ მიმართულებით ამ ეტაპზე ნაკლები პრობლემებია. ნოემბერში გაცილებით მძიმე სიტუაცია იყო, რადგან ბაზარზე სხვადასხვა სახარჯი მასალის დეფიციტი იყო. დღეს დეფიციტი ნაკლებად არის და ეს თემა დასტაბილურდა.

jandacva.ge