საზოგადოება
11/10/2021

ირაკლი როსტომაშვილი: ბათუმის მსგავსი პრეცედენტი კიდევ მოხდება, ბევრი ავარიული შენობაა

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევა 99%-ით მზიდი კედლის გამოცლამ გამოიწვია. 

"ნგრევა ისე დაიწყო და მიდიოდა, 99%-ის სიზუსტით, ეს გამოწვეული იყო პირველი სართულის და სარდაფის შუა ნაწილში მზიდი კედლის გამოცლით. ბათუმში რაც მოხდა, 100%-ით საქართველოს 4 მილიონ მოქალაქეს ვადანაშაულებ. ყველა ვართ პასუხისმგებლები. სანამ არ გავიაზრებთ და გავითავისებთ, არაფერი გვეშველება", - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა. 

მისი თქმით, თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გაცილებით ბევრი ავარიული შენობაა, ვიდრე საღი. სერიზოული პრობლემა 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ლოჯიების მიშენების ნებართვები გაიცა. 

"თუმცა, ნებართვები გაცემული იყო საზაფხულო ფართებზე, მაგრამ ისიც ძალიან ცუდია და მაშინაც არ ვეთანხმებოდი. შემდეგ, 90-იან წლებში მოსახლეობამ თვითნებურად დაიწყო ამ საზაფხულო ფართების საცხოვრებელ ფართებად გადაკეთება - დაიწყეს მისი ამოშენება, შემინვა, საინჟინრო ქსელების გაყვანა და ა.შ. რამაც გამოიწვია უკვე ამ შენობების გაავარიულება. მეორე დანაშაული იყო პრივატიზაცია. 

კანონმდებლობით, ყველა ასეთი სახლის მფლობელი არის პასუხისმგებელი თავის ქონებაზე. თითქმის განუხორციელებელია "ხრუშოვკების" და მიშენების მქონე სახლების მოსახლეობასთან მოლაპარაკება", - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა. 

მისი განცხადებით, ავარიული კორპუსების გამაგრება რომ დაიწყოს, ის ჯერ პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს და მიშენებების დემონტაჟი განხორციელდეს.  

"ბათუმის პრეცედენტები აუცილებლად იქნება და ძალიან გახშირდება ასეთი შემთხვევები.  თბილისში ბევრი სახლია, რომელიც პატარა ბიძგით ჩამოიშლება. ბევრია ასეთი შენობები. დედაქალაქის მერს ვურჩევ, ძალიან არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ მძიმე ტექნიკა უნდა მიიყვანოს, ხალხი ძალით გამოიყვანოს და დემონტაჟი მოახდინონ", - აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე. 

მისი თქმით, ამ მიმართულებით, საკანონმდებლო რეგულაცია აუცილებელია, თუმცა ის უნდა მოერგოს ქართულ რეალობას და არ უნდა გამდმოიტანონ ევროპის მაგალითები. 

"ამას სჭირდება მწყობრი კანონების შემუშავება. ჩვენთან მოდაშია, რაღაც ევროპულს გადმოიტანენ, სადაც ასეთ რამეს ვერ ნახავთ -მიშენება-მოშენებას. იქ ვერ ნახავთ, რომ ვიღაცას ოთახში სინათლე დააკლდა და კედელი გამოანგრია. ჩემთან შემოდიოდა ხოლმე საჩივრები - მაგალითად, ვიღაცას მე-6 სართულზე ლოჯიაში ჰქონდა საღორე გაკეთებული, საქათმე თითქმის ყველგან იყო. იყო შემთხვევა, როდესაც კაცმა მე-5 სართულზე ამწეთი მანქანა აიტანა და არემონტებდა. ასეთი ხალხი ვცხოვრობთ აქ",-აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა. 

ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მშენებლობის სამინისტრო უნდა შეიქმნას.  

"მშენებლობის სამინისტრო აუცილებელია. ცუდია თუ კარგია, სამშენებლო სფერო მშპ-ს ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს. ამის რეგულაცია და სწორ ჩარჩოებში მოქცევა აუცილებელია. 

თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა ავარიული ფონდი. არ მინდა მოსახლეობა დავზაფრო, მაგრამ 4-5 ბალიანი მიწისძვრა კატასტროფის წინაშე დაგვაყენებს. ბათუმში ერთი შემთხვევა მოხდა და მთელი სამაშველო სამსახური, მინისტრი, პრემიერი იყო ჩასული. წარმოიდგინეთ ათობით და ასობით ასეთი შემთხვევა რომ მოხდეს, რა მაშველი, ან რა რესურსი ეყოფა. 4 და 5 ბალიანი მიწისძვრა საქართველოსთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ვთქვათ ტოკიოში, ან მექსიკაში ასეთი მიწისძვრა რომ ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა, შენობები ისე შენდება და ისეა გათვლილი, რომ არაფერი... ჩვენთან ასეთი მიწისძვრა ყველაფერს გაასწორებს მიწასთან. ყველაზე მეტი გადარჩენის საშუალება აქვთ ისტორიულ ზონაში დაბალსართულიან განაშენიანებას, რადგან იქ რკინა-ბეტონის გადახურვა არ არის", - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.