საზოგადოება
02/02/2021

ირაკლი ქაშიბაძე: დისტანციური მუშაობა რეგიონების განვთარებას ხელს შეუწყობს

UG Startup Factory-ს დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში დისტანციური მუშაობის პრინციპის შენარჩუნება ქართული კომპანიების ეფექტურობის ზრდას ხელს შეუწობს.

მან საერთაშორისო ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დისტანციური მუშაობის უფრო განვითარება აქტიურად განიხილება.

„თუ ავიღებთ საერთაშორისო ტენდენციებს, რომელიც შეიმჩნევა მათ შორის დიდ კორპორაციებში, როგორიცაა Google, Facebook და ა.შ, მუშაობასთან დაკავშირებით მთლიანად იყო შეცვლილი პრინციპი და მიდგომა. აქტიურად განიხილავენ, რომ დისტანციურად მუშაობა უფრო განვითარდეს.

ამავდროულად უფრო განვითარდა თანამშრომლების კონტროლის მექანიზმები, განვითარდა დეცენტრალიზებულად სამუშაოების განხორციელების მექანიზმები, რაც არ საჭიროებს თანამშრომლების კონკრეტულ ადგილას მიყვანას, სადაც ძვირადღირებულია საცხოვრებელი ფართი, კვება და ა.შ“, - აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.

მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში, დისტანციური მუშაობის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას.

„ჩვენ ვხედავთ აქტიურ ურბანიზაციას. დასაქმების მიზნით ადამიანი უმეტესად თბილისში ჩამოდის. პანდემიამ კი აჩვენა, რომ არ არის აუცილებელი, თანამშრომელი მაინცდამაინც ოფისში იყოს, ან თუნდაც ქალაქში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ ტენდენციას ხელი შეეწყოს ბიზნესის თვალსაზრისით, და უფრო მეტად რეგიონები განვითარდნენ, რადგან, ბევრი ნიჭიერი, მაგალითად პროგრამისტი, ან სხვა მიმართულების ადამიანი თბილისში ჩამოდის პატარა ქალაქებიდან, სოფლებიდან, აქ ირებს განათლებას და შემდეგ ისევ თბილისში რჩება. დისტანციური მუშაობის პრინციპის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის“,- აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე.

როგორც მან აღნიშნა, დისტანციურად მუშაობის განვითარება საქართველოდან გლობალურად დასაქმების პერსპექტივას იძლევა.

მისი თქმით, პანდემიის განმავლობაში საერთაშორისო დამკვეთებმა დაინახეს, რომ პირადი კონტაქტის აუცილებლობა არ არის ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად.

„მაგალითად, ლივინგსტონის შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობდნენ, ისინი ადგილობრივ შემსრულებლებს ამჯობინებდნენ. პანდემიის შემდეგ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაუკავშირდნენ ისევ ლივინგსტონს, დაინახეს, რომ არ არის აუცილებელი, პირადი კონტაქტის ქონა. უკვე დამოკიდებული ხარ, რამდენად ეფექტურად შეგიძლია ამოცანების შესრულება და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება კარგ ფასში. ჩვენთვის ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ გლობალურად დავსაქმდეთ ქვეყნიდან და მივიღოთ ბევრი სამუშაო ადგილი. მაგრამ, ამას მეტი ხელშეწყობა სჭირდება, რათა უფრო მეტად მიიღონ ქართულმა კომპანიებმა დაკვეთები საერთაშორისო კომპანიებისგან და მერე მივიდეთ მაღალი ხარისხის სპეციალისტებამდე“,- აღნიშნა ირაკლი ქაშბაძემ.

ირაკლი ქაშიბაძე ფიქრობს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში იქნებიან კომპანიები, რომლებიც ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე დარჩებიან.

„კომპანიებმა დაინახეს, რომ არ არის აუცილებელი, თანამშრომელი ფიზიკურად იჯდეს ოფისში. ალბათ იქნება ისეთი სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ნაწილობრივად ფიზიკურ ყოფნას. ანუ, მთლიანად არ გადავა დისტანციურზე, მაგრამ მეორე მხარე აქვს ამას, ეს ბიზნესს საშუალებას აძლევს უფრო გლობალურად იფიქროს, თუნდაც კვალიფიციური კადრები ნაკლებ ფასში მოიზიდოს. მაგალითად უკრაინაში, პროგრამისტის კიევში დაქირავება, ფიზიკურად თუ ჰქონდა ოფისი, 2-ჯერ ძვირი იყო, ვიდრე უკრაინის სხვა მცირე ქალაქში რომ გეპოვა პროგრამისტი. დისტანციური მუშაობის პრინციპი, ქართული კომპანიებისთვის ეფექტურობის ზრდას ძალიან შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.

მისი თქმით, თუ კომპანია პანდემიის დროს ადაპტირდა დისტანციურ მუშაობაზე და გაგრძელებასაც გადაწყვეტს, ეს თანამშრომლის ეკონომიას და კომფორტსაც შეუწყობს ხელს.

„რაც შეეხება მუშაობის ხარისხის ნაწილს, პანდემიის დროს ეფექტურობის შენარჩუნებას ხომ ახერხებდნენ? ეს არის ადაპტაციის პროცესი. თუ კომპანია ადაპტირდა და აგრძელებს მუშაობას, პირიქით, ეკონომიას აკეთებს თანამშრომელი - ნაკლებ დროს ხარჯავს გზაში, კვებაში და ა.შ. კომფორტულიც არის“,- განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.

Businesspartner