ინერტული ნარჩენები, შესაძლოა, რეციკლირებას დაექვემდებაროს
საქართველოში არც ინერტული ნარჩენების სხვა ტიპის ნარჩენებისგან გამიჯვნის პრაქტიკა და არც ამგვარი ნარჩენების სპეციალური ნაგავსაყრელი არსებობს. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც დამოუკიდებელმა სამუშაო ჯგუფმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით მოამზადა.
კვლევის თანახმად, ამ ტიპის ნარჩენები იყრება ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინერტულ ნარჩენებს ძირითადად წარმოქმნის სამშენებლო სექტორის ნაწილი და ის ბინათმესაკუთრეები, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ შენობების რემონტსა და სამშენებლო სამუშაოებს. თბილსის შემთხვევაში, გამოყოფილია გარკვეული განთავსების ტერიტორია, თუმცა, მოსახლეობის ნაწილი სამშენებლო ნარჩენებს ბუნებრივ გარემოში განათავსებს.
„დღევანდელი მოცემულობით, ზედამხედველობის სამსახურს უფლება აქვს დააჯარიმოს დამაბინძურებელი იმ შემთხვევაში, თუკი წაასწრებს დაბინძურების დროს. თუ დამაბინძურებელი პირი ვერ გამოვლინდა, მაშინ თვითონ მუნიციპალიტეტს აქვს ვალდებულება, რომ ეს დაბიძურებული ტერიტორიები გაწმინდოს. ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს მუნიციპალიტეტების მხრიდან. გამოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტებს პირველ რიგში, სჭირდებათ სახელმძღვანელო დოკუმენტები ინერტული ნარჩენების მართვისთვის, რათა შექმნან ის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან ამ საკითხებზე“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა კახა ბახტაძემ.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ეკონომიკური წახალისების მექანიზმის შემოტანაზეც მსჯელობს, რათა კერძო სექტორი ინერტული ნარჩენების რეციკლირებით დაინტერესდეს.
ექსპერტების განმარტებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობა ამ პროცესში, რათა მათ ჰქონდეთ ინერტული ნარჩენების გადამუშავების ინტერესი და შემდეგ მისი ბეტონის წარმოებაში გამოყენების შესაძლებლობა. ამ საკითხების შესწავლის მიზნით კომიტეტი ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს. თუმცა, თუკი რეციკლირებული ინერტული ნარჩენების გამოყენება დასაშვები გახდება, ეკონომიკის სამინისტროს სტანდარტებს გადახედვა მოუწევს.
დღეს ბეტონის წარმოებაში „გოსტ სტანდარტი“ მოქმედებს, რაც მხოლოდ პირველადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას გულისხმობს. ევროპული სტანდარტების მიხედვით კი, ბეტონის წარმოებაში გადამუშვებული ინერტული ნარჩენების გამოყენება დასაშვებია.