საზოგადოება
15/03/2021

IDFI: ზარალის მიუხედავად, 14 სახელმწიფო კომპანიაში შრომის ანაზღაურების ხარჯი 9%-ით გაიზარდა

IDFI-მ შეისწავლა ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე სახელმწიფო კომპანიების მიერ ანგარიშგების პორტალზე განთავსებული 2019 წლის ფინანსური ანგარიშები, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვები მოიცავს დასაქმებული პერსონალის 2019 და 2018 წლების შრომის ანაზღაურების ხარჯების ჯამურ მაჩვენებლებს.

შესწავლილი 14 სახელმწიფო კომპანიის, ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2019 წელს მათ მიერ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 428 მილიონ ლარია, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (392 მილიონი). შესწავლილ სახელმწიფო საწარმოებში 2019 წელს, წინა წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯები გაზრდილია 4%-დან 32%-მდე. 2019 წელს პროცენტულად ყველაზე მეტი მატება (+32%) შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაშია, სადაც შრომის ანაზღაურების ხარჯები 10,7 მილიონიდან 14,1 მილიონამდე გაიზარდა. შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის (სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილის ექსკლუზიური მართვის უფლება გადაცემული აქვს ყაზახეთში რეგისტრირებული საწარმო სს „ყაზტრანსოილი“ მფლობელობაში მყოფ კომპანიას „ბათუმის ნავთობტერმინალს“) მიერ გაყიდული საქონლის თვითღირებულების მაჩვენებლების მიხედვით 2019 წელს თანამშრომელთა ანაზღაურება შეადგენდა 12,7 მილიონ ლარს რაც 5%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე (13,4 მილიონი). თუმცა, უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში თანამშრომელთა ანაზღაურება 2019 წელს შეადგენდა 4,1 მილიონ ლარს, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (3,9 მილიონი).

„სახელმწიფო კომპანიების სახელფასო ხარჯების ზრდის ტენდენცია, უმეტესწილად შენარჩუნებულია კომპანიების არასახარბიელო ფინანსური შედეგების ფონზე. მაგალითად, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ხელფასის ხარჯი გაიზარდა 15%-ით მაშინ როდესაც წლიური მოგება 40 მილიონით შემცირდა. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შრომის ანაზღაურების ხარჯები 2019 წელს გაზრდილია 8%-ით, მაშინ როდესაც კომპანიის ზარალი 85 მილიონს შეადგენდა. ცალკეული კომპანიების ფინანსურ ანგარიშებში, ვხვდებით სახელფასო ფონდის ზრდასთან დაკავშირებულ განმარტებებს. მაგალითად, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სახელფასო ხარჯის 15%-იანი მატების განმაპირობებელ ფაქტორად მითითებულია შვილობილი კომპანიის შპს გარდაბნის თბოსადგური 2 ის და შპს საქართველოს გაზსაცავის თანამშრომლების რაოდენობის ზრდა, ასევე კორპორაციის დროებითი თანამშრომლების სახელფასო ხარჯის ზრდა. სახელმწიფო კომპანიების ფინანსურ ანგარიშებში წარმოდგენილი ცალკეული მაჩვენებლები და განმარტებები ცხადჰყოფს რომ, სახელმწიფო კომპანიებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გარდა, გაიცემა პრემიები და სახელფასო დანამატები. მაგალითად, შპს საქაერო ნავიგაციის ფინანსურ ანგარიშში ვხვდებით პერსონალის ანაზღაურების ჩაშლილ მონაცემებს, რომლის მიხედვით 2019 წელს თანამშრომლებზე გაცემულია 3,6 მილიონი პრემია და 3,3 მილიონი დანამატი. კომპანიის შიდა პოლიტიკის მიხედვით, თანამშრომლებს ყოველთვიურად ერიცხებათ დანამატი, რომელთა ოდენობა დამოკიდებულია წელთა ნამსახურებაზე. სს საქართველოს რკინიგზის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას გააჩნია საპრემიო სისტემა, რომელიც ეფუძნება დასაქმებულის საქმიანობის შეფასებას. ანგარიშის მიხედვით, 2017 წლამდე პრემია მხოლოდ წამყვან თანამშრომლებში ნაწილდებოდა კვარტალურად, ხოლო 2017 წლიდან ბონუსებით არა მხოლოდ წამყვანი, არამედ ყველა დასაქმებული ჯილდოვდება წლიურად“,- აცხადებენ IDFI-ში.

დიდი ბრუნვის მქონე სახელმწიფო კომპანიების სახელფასო ხარჯები:

 საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 2019 წელს გაცემული ხელფასების რაოდენობა 23,004,000 ლარია.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი- 2,834,022 ლარი.

საქართველოს რკინიგზა - 160,561,000 ლარი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 31,089,000 ლარი.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია - 14,129,000 ლარი.

საქართველოს ფოსტა - 26,548,000 ლარი.

საქაერონავიგაცია - 39,897,000 ლარი.

თბილსერვის ჯგუფი - 56,561,253 ლარი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 7,541,000 ლარი.

ენგურჰესი - 13,146,000 ლარი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 25,313,000 ლარი.

ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 12,670,561 ლარი.

გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო - 10,803,000 ლარი.

ბათუმის აეროპორტი - 3,468,000 ლარი.

სახელმწიფო სუბსიდიის მიმღები სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიის სახელფასო ხარჯები:

საქართველოს მელიორაცია - 2019 წელს ხელფასის სახით გაიცა 16,227,137 ლარი, მ.შ. ბონუსის სახით კი, 1,267,727 ლარი.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია  - ხელფასის რაოდენობა ჯამში  4,330,122 ლარია.

ბლექ სი არენა ჯორჯია - ხელფასის სახით 2,536,000 ლარი გაიცა, მ.შ. ბონუსმა კი, 315 00 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო სამშენებლო კომპანია - ხელფასის რაოდენობა ჯამში 1,315,061 ლარია.

IDFI-ს ანგარიში სახელმწიფო კომპანიების საკადრო და სახელფასო პოლიტიკის გამოწვევებს ეხება. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, 2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა 237 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, არსებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად, საწარმოთა ყველა დარგის მიხედვით, შენარჩუნებულია თანამშრომელთა დასაქმების მზარდი ტენდენცია. კერძოდ, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, თანამშრომელთა რიცხოვნობა გაზრდილია დაახლოებით 2%-ით (+575 თანამშრომელი).

„სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მიუხედავად კომპანიის ფინანსური შედეგებისა, გამოირჩევიან მაღალი შრომის ანაზღაურებით. ამასთან, IDFI მიიჩნევს, რომ ფინანსურ ანგარიშებში ასახული შრომის ანაზღაურების  ჯამური მონაცემები და ხელმძღვანელი პირების დეკლარირებულ შემოსავლები, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელმწიფო კომპანიებში სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების მასშტაბებს და მის უარყოფით გავლენას კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. ამასთან, სახელმწიფო კომპანიების გაუმჭვირვალე საქმიანობა მნიშვნელოვნად ზრდის არარაციონალურ საკადრო და სახელფასო პოლიტიკის რისკებს.

IDFI მიესალმება სახელმწიფო საწარმოებში რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს და იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში უახლოეს მომავალში განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობას, დასაქმების და ანაზღაურების პოლიტიკის დარეგულირებას და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დადგენას“,- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

Businesspartner