Gorgasali Battle Royale – ქართული გუნდის შექმნილი საბრძოლო სამეფო თამაში
სამაგიდო თამაშების კულტურა საქართველოშიც ფართოვდება. Gorgasali Battle Royale არის ქართული სამაგიდო თამაში, რომელიც გამოგონილ სამყაროშია. ეს არის სამყარო, სადაც მეგობრები შეიძლება მოწინააღმდეგეებად იქცნენ.
ვახო ინორიძე, დირექტორი და BG Era თამაშების თანადამფუძნებელის თქმით, გუნდი ექვსი სხვადასხვა პროფესიის ექვსი მეგობრისგან შედგება და როგორც CBW–სთან აღნიშნავს, დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ შეპყრობილი თამაშებით.
„ერთ დღეს, როდესაც მივხვდით, რომ ყველა მათგანი ამოვწურეთ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი თამაში, რომელიც დიდხანს გაგვართობდა. ამ იდეამ ისე შეგვიპყრო, რომ სასწრაფოდ დავიწყეთ თამაშზე მუშაობა და რამდენიმე დღეში, Excel ფაილებზე აწყობილი თამაშის სატესტო ვერსია გვქონდა. მალევე გადავწყვიტეთ ჰობი ბიზნესად გვექცია. ჩავატარეთ საკმაოდ მასშტაბური კვლევა. დეტალურად შევისწავლეთ სამაგიდო თამაშების სექტორი, შევეცადეთ გაგვეკეთებინა თამაში, რომლის მექანიკა არცერთი თამაშის მსგავსი არ იქნებოდა და უნიკალური იქნებოდა, რისი გაკეთებაც საბოლოოდ მოვახერხეთ. Gorgasali არის ერთ-ერთი პირველი Battle Battle Royale ჟანრული თამაში მსოფლიო ბაზარზე.
ამ პროცესში მივხვდით, რომ ეს შეიძლება იყოს ის, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია მსოფლიოსთვის. დიდი სურვილი გვქონდა მცირედი წვლილი მაინც შეგვეტანა საქართველოს პოპულარიზაციაში, ამიტომ ბევრი ქართული ელემენტი დავნერგეთ, რომლებსაც მოთამაშეები აღმოაჩენენ. როგორიცაა არმაზი, პრინცესა ცივა, კრუბერას გამოქვაბული, მედეა და მრავალი სხვა,“ – აღნიშნავს ვახო ინორიძე.
თამაში არის გამოგონილი სამყარო, სადაც მთავარი პერსონაჟი უძლეველი მეფეა, შესაბამისად თამაშს ასევე ლეგენდარული ქართველი მეფის სახელი ეწოდა. გორგასალი ამჟამად ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივ, ასევე აშშ-ს, კანადის და მექსიკის ბაზრებზე Amazon-ის დახმარებით.
საქართველოშიც სულ უფრო პოპულარული ხდება ეს სფერო, რასაც მოწმობს ახალი სამაგიდო თამაშების კლუბების გახსნა, ქსელური მაღაზიების დამატება, ყველა სათამაშო მაღაზიებში სამაგიდო თამაშების ასორტიმენტის ზრდა და ა.შ.
„სამაგიდო თამაშების ქართულ ბაზარზე შესასვლელი ბარიერები მინიმალურია, რადგან ეს სფერო საწყის ეტაპზეა, კონკურენცია დაბალია და მწარმოებელს არ სჭირდება მაღალი კაპიტალური ხარჯები პროდუქტის ბაზარზე გასატანად. ყველას, ვინც მოახერხებს საინტერესო მექანიკის შემუშავებას, შეუძლია ბაზარზე შესვლა თუნდაც მინიმალური ვიზუალით. მოხარული ვიქნები, თუ ამ ინტერვიუს შემდეგ ქართულ ბაზარს მინიმუმ ერთი ახალი თამაში შეემატება.
ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია სამაგიდო თამაშების პოპულარიზაცია საქართველოში და საქართველოს პოპულარიზაცია სამაგიდო თამაშების სამყაროში. თითოეული მომხმარებლის აზრი და გამოხმაურება, რომელსაც ყოველდღე ვიღებთ სოციალური ქსელებიდან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მოტივაციის ძირითადი წყაროა,“– ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
გუნდმა მუშაობა დაამთავრა მეორე თამაშზეც, რომელიც მალე გამოჩნდება საქართველოს ბაზარზე. მომხმარებლებს პარალელურად გორგასლის განახლებული ვერსიაც ელით, სადაც ახალი პერსონაჟები და სხვა საინტერესო დეტალები დაემატება. ამასთან, დამუშავების პროცესშია გორგასლის თამაშის ონლაინ ვერსიაც.