საზოგადოება
17/05/2022

ფინანსური წახალისება და სპეციალური წოდება - როგორ იგეგმება საბაჟოზე კადრების შენარჩუნება

საბაჟო დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს შემოიღებენ, თანამშრომლებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიებისა და კომპენსაციების უზრუნველყოფით. ცვლილება "შემოსავლების სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტშია დარეგისტრირებული. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ინიციატორის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, დეპარტამენტში თანამშრომლების მოტივაცია და კადრების გადინების შემცირება.  

კანონპროექტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, მიენიჭება სპეციალური სახელმწიფო წოდება. შედეგად, აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები მიიღებენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან. 

ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. 

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობას, მათი გაცემის წესსა და პირობებს დაადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

როგორც ინიციატორი ამბობს, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს საშუალება მიეცემა, ხარისხობრივად შეცვალოს კარიერული წინსვლის ჩარჩო სტანდარტები და შექმნას თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მოტივაციის წინაპირობა, რაც სულმცირე 70-80%-ით შეამცირებს კადრების გადინებას. 

"შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა წახალისების (მ.შ. ფულადი ჯილდოს) არსებული სისტემა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა მოტივაციას მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, ამასთან, მნიშვნელოვნად ჩამორჩება მანამდე არსებულსაც. შედეგად, დაიწყო საბაჟო დეპარტამენტიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება და 2019–2022 წლებში საკუთარი სურვილით სამსახური დატოვა 150-მა თანამშრომელმა. მათ ნაცვლად ახალი კადრების შერჩევას, მომზადებასა და მათ დანიშვნას მინიმუმ 6-დან 8 თვემდე პერიოდი სჭირდება. ამასთან, ახლად მიღებული თანამშრომელი პროფესიული ვალდებულებების შესრულების ხარისხით ვერ გაუთანაბრდება შესაბამისი წელთა ნამსახურობისა და გამოცდილების მქონე თანამშრომელს. ეს მოქმედებს როგორც მომსახურების ხარისხზე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი კონტროლის ეფექტურობაზე",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

 

Businesspartner