"ეს დიდი დისკომფორტია, მაგრამ სახლში რემონტი ხომ ყველას ჰქონია?" - ნიკო კახეთელიძე წერეთლის რეაბილიტაციაზე
დედაქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია, მათ შორის ერთერთი მსხვილი, წერეთლის გამზირის პროექტი არა მხოლოდ ვიზუალურ გაუმჯობესებასა და კეთილმოწყობას, არამედ უსაფრთხოებას ემსახურება.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან" ნიკოლოზ კახეთელიძემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, როდესაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ასფალტის ქვეშ ინერტული მასალა აღარაა და იქ მხოლოდ ასფალტის ფენა იყო დარჩენილი, რაც, გადატვირთული მოძრაობიდან გამომდინარე, სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული. კახეთელიძის თქმით, იგივე სიტუაცია იქნება წერეთლის გამზირზეც.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოძველებული კომუნიკაციების გამო დგება წყლები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შენობებს და რეაბილიტაციამ ეს პრობლემაც უნდა მოაგვაროს.
„ერთდროულად 15 ლოკაციაზე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეს გეგმა არის იმისთვის, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში დამთავრდეს ეს პროექტი. ესაა რთული, დიდი მოცულობის პროექტი. გარდა კეთილმოწყობისა და ნარგავების დარგვისა, იცვლება კომუნიკაციები, რომლებიც ათეული წლებია არ შეცვლილა. ბევრ მონაკვეთში კომუნიკაციის ქსელები ჩაშლილია. თბილისში 15 ათასამდე ავარიული სახლია და ავარიულობის მიზეზი როგორც წესი კომუნიკაციაა. რა თქმა უნდა სიძველის გათვალისწინებითაც. იქ დგება წყალი, წყალს კი დამანგრეველი ძალა აქვს,“- აღნიშნა ნიკოლოზ კახეთელიძემ.
მისი განცხადებით, იმას, რაც მიწაში ხდება, რიგითი მოქალაქე ვერ ხედავს და როცა კი ამას ნახავენ, ხვდებიან, რასთან გვაქვს საქმე.
„კალაძე ამ თანხას დახარჯავდა ფასადების გადაღებვაში და გადაღებავდა მთელ თბილისს, როგორც ადრე ხდებოდა. მაგრამ მან ძირითად პრობლემას მოკიდა ხელი, რასაც არავინ კიდებდა, რადგან ეს დიდი თავის ტკივილია. მესმის, მოსახლეობისთვის ეს დიდი დისკომფორტია, მაგრამ სახლში რემონტი ხომ ყველას ჰქონია, როცა იმ სახლში ცხოვრობს? მე არ მაქვს ორი სახლი და როცა რემონტს ვაკეთებდი, საშინელ დღეში ვიყავი, მაგრამ ესაა გადასატანი თემა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რამდენიმე თვე პრობლემა შეიქმნება. სადენები ობობის ქსელებივით რომაა, ეს ყველაფერი მიწაში მიდის, ესაა ცივილიზაცია. ხიდი ათეული წლებია არ გაკეთებულა. დაველოდოთ გაზაფხულს და ზაფხულს? რაღაცა რომ მოხდეს, სად მივდივართ? მერე ხომ დაგვავიწყდება ყველაფერი. საფრთხე ძალიან დიდია და გამწვანებასთან და გალამაზებასთან ერთად უსაფრთხოების საკითხიც წყდება,“- განაცხადა კახეთელიძემ.
მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ 2005 წელს „თბილქალაქპროექტი“ გაუქმდა მისი შენობის ხელში ჩაგდების მიზნით, ამ დაწესებულებაში კი ინახებოდა ქალაქის „ტვინი“, მისი საინჟინრო დოკუმენტაცია, რომლის დიდი ნაწილი აღარ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გუშინ დაიწყო და პროექტის დასრულება მომდევნო წლის იანვარში იგეგმება. პროექტის ფარგლებში, სავალი გზის ერთი ზოლი გადაიკეტა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ დარჩენილ ერთ ზოლზეა შესაძლებელი, სადაც ორმხრივი მოძრაობა ნარჩუნდება.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზედა ინფრასტრუქტურას. მოეწყობა ბასლაინები, გამზირი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოწესრიგდება საფეხმავლო გზა, დაიგება გზის ახალი საფარი და დამონტაჟდება გარე განათების ახალი სისტემა. როექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ე.წ დიდუბის ხიდსაც ჩაუტარდება და 70 წლის შემდეგ მისი განახლება მოხდება. ხიდის რეაბილიტაციის დასრულება ექვს თვეში იგეგმება.