საზოგადოება
21/05/2021

EPRC: კოვიდის გამო განათლებაში ჩამორჩენა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოტენციალს უკარგავს

EPRC-ის შეფასებთ, საქართველოს განათლებაში სერიოზული ჩამორჩენა აქვს, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალს კარგავს. განათლების ხარისხზე უარყოფითი გავლენა იქონია პანდემიამ, როდესაც მოსწავლეები დისტანციურ განათლებას იღებდნენ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, განათლების დონის კავშირზე საქართველოს დღევანდელ ეკონომიკურ განვითარებასთან, მწირი ინფორმაცია მოიპოვება. პერიოდულად ჩატარებული გამოკითხვებით, ბიზნესის წარმომადგენლები კვალიფიკაციის ნაკლებობას დასაქმების ერთ-ერთ უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ. თუმცა, უფრო ჩაღრმავებული კვლევა-ძიება კვალიფიკაციის დეფიციის სიღრმისეული მიზეზების შესახებ, ნაკლებად წარმოებს.

პანდემიამდელ პერიოდში, მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების ანგარიშის (PISA) შედეგებით, 2018 წლისათვის კოგნიტური უნარ-ჩვევების ამსახველი შესაბამისი ტესტების შედეგებით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, ასევე PISA პროგრამაში მონაწილე დანარჩენი ქვეყნების უმეტესობასაც.

2015 წელთან მიმართებაში, კოგნიტური ტესტების სამივე მიმართულებით საქართველოში უკანდახევა შეინიშნება. მართალია OECD-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელიც სტაგნაციას განიცდის, მაგრამ საქართველოს ჩამორჩენა იმდენად დიდია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ OECD-ს მაჩვენებლები არ გაიზრდება, მის დაძლევას, დღევანდელი ტემპებით, მინიმუმ 50 წელი დასჭირდება.

“ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოში შესაძლებელზე გაცილებით ნაკლები ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. ამ შემაშფოთებელ ტენდენციას ისიც უნდა დავამატოთ, რომ PISA გამოკითხვებში მონაწილე 78 ქვეყნიდან საქართველო შედის სიის ბოლოში მყოფი ქვეყნების იმ ათეულში, რომლებშიც კითხვის, მათემატიკისა და მეცნიერების ტესტების გასაშუალოებული შედეგი 400 ქულაზე ნაკლებია. ამასთან, საქართველო ჩამორჩება გამოკითხვაში მონაწილე ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ყველა სოციალისტური ბანაკის ქვეყანას“,- აცხადებენ ორგანიზაციაში და აქვე დასძენენ, რომ ასეთი მდგომარეობა ქმნის ხანგრძლივი ვადით ეკონომიკური განვითარების შენელების მკვეთრ საფრთხეს.

“საფიქრალია ისიც, რომ გაზრდილი გლობალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენციის პირობებში განათლების საერთაშორისო რეიტინგებში დღეს არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა თუ სწრაფი ტემპებით უახლოეს მომავალში არ დაიწყო, სამომავლოდ ამ ამოცანის გადაწყვეტა სულ უფრო მეტად გაძნელდება“,- ამბობენ EPRC-ში.

ფონს განსაკუთრებით ამძიმებს პანდემიით შექმნილი ვითარება, რომლის დროსაც საქართველოში რამდენჯერმე შეფერხდა საგანმანათლებლო პროცესი. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, დისტანციურ რეჟიმში დროებით გადასვლა იძულებითი ნაბიჯი იყო და ამას წინ არ უძრვოდა შესაბამისი მეთოდოლოგიური სამზადისი, სწავლების მატერიალური ბაზის შექმნისა და თუ საჭიროებისამებრ გარდაქმნის, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიისა თუ საზოგადოების და მოსწავლეთა შემზადების პროცესები. სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მითუმეტეს საქართველოში, სადაც ისედაც მწირია სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმოებისათვის საჭირო, როგორც მატერიალური საფუძველი, ისე კომპეტენციები, საკმაოდ აზარალა მოსწავლეები.

“სასწავლო პროცესის მთლიანად ონლაინ რეჟიმში გადატანამ მინიმუმამდე დაიყვანა სოციალიზაციის ელემენტი, რაც მასწავლებლისა და მოსწავლის, ასევე მოსწავლის სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობის შედეგად სწავლის მნიშვნელოვანი ელემენტია. მოსწავლეებს აშკარად მოაკლდათ ცოდნისა და ნასწავლის გაზიარების, ასევე დაწინაურებული მოსწავლეების გამოცდილებასა და შედეგებზე უშუალო დაკვირვების შესაძლებლობა. სათქმელია ისიც, რომ ონლაინც სწავლებამ ცალკეულ შემთხვევებში იცი გამოიწვია, რომ მოხდა მოსწავლეთა ერთგვარი ნიველირება და შემცირდა თავის გამოჩენის სტიმულები“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

EPRC-ის თანახმად, დღეისათვის ეკონომიკურ ლიტერატურაში დაგროვდა მასალა იმის თაობაზე, რომ პანდემიის შედეგად მიღებული ზარალი განათლების სექტორში, განსაკუთრებით კი, სასკოლო განათლების ეტაპზე საკმაოდ შესამჩნევი იქნება.

საუბარია შესაძლო ზარალის მხოლოდ ორ ასპექტზე, შეფერხებების განგრძლივობაზე და მოსწავლეების უნარ-ჩვევების შესაძლო შემცირებაზე. თუმცა, არ არის საუბარი სწავლისადმი წვდომაში უთანასწორობის ზრდის ასპექტზე, მასწავლებლების გადამზადების აუცილებლობაზე და სხვა საკითხებზე, რაც დამატებით კვლევებს მოითხოვს.

“არასრული ინფორმაციის პირობებშიც კი ჩანს, რომ განათლების სექტორის დანაკარგები ხელშესახები იქნება და რეაგირებას მოთხოვს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

EPRC-ში ამბობენ, რომ აღნიშნული ორი ფაქტორის კომბინირება  შრომის ბაზარზე ახლო მომავალში კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემდგომი გამწვავების საფრთხეს ქმნის.

რეკომენდაციაა, რომ დაიწყოს მოსწავლეთა კოგნიტური უნარ-ჩვევების შეფასება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და შეფასდეს მოსწავლეთა ჩამორჩენა მიღებული კრიტერიუმების გათვალისწინებით;

ჩატარდეს მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეთა გამოკითხვა სწავლის შეფერხების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ასპექტების მეტ-ნაკლებად სრულად აღწერის მიზნით;

შემუშავდეს კონკრეტული სქემები ან გეგმები იმისათვის, რათა მოსწავლეთა უმეტესობას ჰქონდეს შესაძლებლობა, ციფრულ ტექნოლოგიებთან მეტ-ნაკლებად თანაბარი წვდომისა. გამოვლინდეს ჩამორჩენილი რეგიონები თუ სოციალური ჯგუფები, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება;

დაიწყოს სპეციალური მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, ვისი პერსპექტივებიც სწავლის შეფერხებამ დააზიანა.