ეკატერინე ტიკარაძე: სოციალური დახმარების მიმღები შრომისუნარიანი პირები უნდა დავასაქმოთ
“სოციალური დახმარების მიმღები 45% შრომისუნარიანია, ჩვენი მიზანია მათთვის არა გრძელვადიანი შემწეობის დანიშვნა, არამედ დასაქმების რეალური შესაძლებლობების შეთავაზება და მათი კონკრეტულ საქმიანობაში ჩართვა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
მან სოციალური დახმარების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს არსებული სისტემა სათანადო მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფს. არსებული სოციალური და ჯანდაცვის სერვისები მოცულობითია, მაგრამ შედარებით ფრაგმენტული და არასაკმარისი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების სრულყოფილ უზრუნველყოფას ვერ ახდეს.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ევროპელ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს საქართველოს და ევროპის სოციალური სისტემების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც გახდება საქართველოს სოციალური კოდექსის საფუძველი.
“წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა, სოციალურ კოდექსის სახით, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, ეფექტიან კოორდინირებულ დაცვის სისტემას. სოციალურ კოდექსი გახდება ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებების კანონით გამყარებული გარანტი. თუ ჩვენ გვაქვს მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეზე ზრუნვა უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას აკეთებენ ევროპის ქვეყნები. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მოქნილად და კოორდინირებულად. ამ ინიციატივას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.
რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც სამინისტრომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა. მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გაგრძელდება. ამის საშუალებით ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება, რასაც ემატება ყოველთვიური ფულადი დანამატი, რისთვისაც ამ დრომდე გაცემულია 113 მილიონ ლარზე მეტი“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, მისმა უწყებამ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიის და ადმინისტრირების წესის ცვლილებაზე დაიწყო მუშაობა. ცვლილების მიზანია პროგრამამ უკეთესად გამოავლინოს მოწყვლადი და სიღარიბის ზღვარს მყოფი პირები, სტატუსის მინიჭების პროცესი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ობიექტური, რათა დახმარება მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ადამიანებმა და არავინ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე.
“ადმინისტრირების ნაწილში ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ განცხადების დაწერიდან დახმარების გაცემამდე პერიოდი, რათა ოჯახების საჭიროებებზე მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება. გაუმჯობესებული ადმინისტრირების მიზნით მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების პროცესის დიჯიტალიზაცია, სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სოციალური აგენტების მიერ ინფორმაცია აღირიცხება არა ქაღალდმატარებელზე, არამედ ელექტრონულად. მიდგომა ითვალისიწნებს შეფასების ფორმულის გაუმჯობესებულ ადმინისტრირებას და ოჯახში არსებული გარემოებების ვიზუალური მასალებით წარმოებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს შეფასების მეტ ობიექტურობას და გამჭვირვალეობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.