საზოგადოება
03/02/2021

დიმიტრი ხუნდაძე: რისკები მნიშვნელოვნად მაღალია აცრის გარეშე, ვიდრე აცრის შემთხვევაში

როგორც დეპუტატი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საქართველოში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიანიჭებს ავტორიზაციას.

„ჯანდაცვის სექტორში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე მაღალი კომპეტენციის და ნდობის ირგანიზაცია არ არსებობს. ეს საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ვაქცინას მაღალი ნდობა ჰქონდეს“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება გვერდით მოვლენას, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს არა მხოლოდ ვაქცინას, არამედ ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს.

„მტკიცებულებებიც მეტყველებს იმაზე, რომ ვაქცინას არ აქვს იმდაგვარი გვერდითი მოვლენები, რომელმაც შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. გვერდითი მოვლენა ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს აქვს, მათ შორის ვაქცინასაც, მაგალითად კალენდარული აცრები, რომელიც დიდი ხანია ჩვენთან ტარდება და არა მხოლოდ ჩვენთან, მთელ მსოფლიოში - მილიონ მოსახლეზე, კალენდარული აცრების შემთხვევაში, გვერდითი მოვლენების 1 ან 2 შემთხვევაა.

გვერდითი მოვლენა არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ანაფილაქსური შოკი უნდა განვითარდეს. თუმცა, თეორიულად შესაძლებელია ანაფილაქსური გართულებაც. ახლა კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით, არცერთი ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა, სტატისტიკურად მილიონ აცრაზე არის 2-დან 5-მდე გვერდითი მოვლენა დაფიქსირებული. გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ტემპერატურული რეაქცია, ცხელება, თავბრუს ხვევა, ზოგადი სისუსტე, ინექციის ადგილის შეწითლება. ეს შესაძლებელია , თუმცა ასეთი რამ ახასიათებს ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს. ანტიბიოტიკიც სინჯით კეთდება, თუმცა მიუხედავად ამისა, სინჯსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენა.

თუმცა, ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც აზღვევს ასეთ შემთხვევასაც. გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობის, რეაბილიტაციის ხარჯებს სახელმწიფო იღებს თავის თავზე“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის განცხადებით, რისკები, აცრის გარეშე უფრო მაღალია, ვიდრე აცრის შემთხვევაში.  

„სიამოვნებით, ჩემი ოჯახის ყველა წევრს ავცრი, როცა მათ გეგმის მიხედვით მოუწევთ რიგი. მათ შორის ავიცრები მეც“,- აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა არ დაწყებულა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის პირველად უჰანში გამოვლინდა.

„სტანდარტულად ვაქცინის შექმნას დაახლოებით 2-3 წელი სჭირდება. თავისი გრძელვადიანი კვლევებით და ა.შ. ვაქცინის გამოცდის სამი ეტაპია. რა თქმა უნდა დაჩქარდა მისი შექმნის პროცესი, რადგან უფრო მაღალი საჭიროება იყო, მაგრამ კოვიდვაქცინაზე მუშაობა არ დაწყებულა მხოლოდ მაშინ, როცა უჰანში გამოვლინდა მისი არსებობა. კოვიდის ვირუსი მანამდეც არსებობდა. კოვიდის ოჯახში შედის დაახლოებით 25-დან 30-მდე ვირუსი და ამაზე მუშაობა მიდიოდა. უბრალოდ ახლა გამოვლიდა ის შტამი, რომელიც აქამდე არ არსებობდა, თუმცა რა თქმა უნდა მსგავსება, მანამდე არსებულ ვირუსებთან, მას ჰქონდა. ასე, რომ კვლევები მანამდეც არის დაწყებული, რომელიც გამოყენებული არის ახლა. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ამ ვაქიცნაზე დაიწყო მუშაობა გუშინ და მივიღეთ დღეს პროდუქტი“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.