ჭარბი გამონაბოლქვის გამო ტრანსპორტის მძღოლებს მკაცრი სანქციები დაუწესდებათ
სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება. ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. პროექტი პარლამენტშია ინიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას – გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით.
სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა კონტროლს განახორციელებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. პირველი ეტაპისთვის, დეპარტამენტში, დაგეგმილია 10 ეკიპაჟის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო გამზომი აპარატურით და შესაბამისი მოწყობილობებით, გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად.
საწყის ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შეირჩევა რამდენიმე დასახლება, მაგალითად თბილისი, რუსთავი, ბათუმი, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის მეტი საჭიროება არსებობს და 10 ეკიპაჟი განაწილდება ამ დასახლებებში. დასახლებების ჩამონათვალს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და აღნიშნული ჩამონათვალი პერიოდულად გადაიხედება საჭიროებიდან გამომდინარე.
ამავე დროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გზებზე კონტროლის წესი.
სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის განსახორციელებლად გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოეყოფა. ამ თანხიდან 450 000 ლარი ტრანსპორტის გამონაბოლქვის გამზომი მოწყობილობის შეძენას მოხმარდება, 50 000 ლარი ბორტკომპიუტერის, მოდემის და თერმული პრინტერის შეძენას. 220 000 ლარი გათვალისწინებული იქნება ეკიპაჟის საწვავისთვის, 60 000 ლარი განსაზღვრულია პროგრამული უზრუნველყოფის/მომსახურების წლიური ხარჯის დასაფარად, 20 000 ლარი კი, ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლისთვის საინფორმაციო რგოლის, ასევე ინსპექტირების ცენტრებში განსათავსებელი საინფორმაციო ბილბორდების დამზადებას მოხმარდება.
"როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სრულად ვერ აგვარებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პრობლემას, რადგან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებიდან შემდგომ ტექნიკურ ინსპექტირებამდე გარკვეული გაუმართაობის გამო სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში შესაძლებელია დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობამ გადააჭარბოს დადგენილი ნორმები.
აღნიშნული შემთხვევის მოწმე ვართ ყოველი ჩვენთაგანი ქალაქში გადაადგილებისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერებების გადამეტების ფაქტები (რაც შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა) ხშირად შეგვხვედრია. პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ არსებობს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებებს შორის სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლის მოქნილი და ეფექტური რეგულაცია და მკაცრი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და "მწვანე პოლუსი".