ბახმაროში 1000-მდე უკანონოდ აშენებული სახლია - რას გეგმავს მუნიციპალიტეტი
ჩოხატაურის მერიის ბოლო მონაცემებით, ბახმაროში 1000-მდე უკანონოდ აშენებული სახლია.
მუნიციპალიტეტს გამოცემული აქვს დადგენილებაც, სადაც წერია, რომ სახლები დემონტაჟს ექვემდებარება, რადგან ადგილზე მიწა თვითნებურადაა მისაკუთრებული. ამის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას წლებია ვერ ახერხებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი მერი, დავით შარაშიძე კი „ბიზნესპარტნიორთან“ პირობას დებს, რომ 2022 წლიდან ბახმაროში ვერცერთი სახლი უკანონოდ ვეღარ აშენდება. მისივე განმარტებით, კურორტზე სამშენებლო ზონაში აღარც თავისუფალი მიწის ნაკვეთებია დარჩენილი.
„თამამად შემიძლია გითხრათ, ბახმაროში არცერთი უკანონო სახლი აღარ აშენდება.ტერიტორია სახელმწიფოს კუთვნილებაა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ვიღაცამ უკანონოდ ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილ მიწაზე დადგა სახლი, რომელსაც არც სამშენებლო ნებართვა ჰქონდა, არც ნახაზი და არც განაშენიანების გეგმას ითვალისწინებდა. გამოტანილი გვაქვს დადგენილება, გადაგზავნილი გვაქვს აღსრულებაში, დაწერილია 25 000 ლარიანი ჯარიმები, მაგრამ შედეგი მაინც არ არის. მიდიან და თვითნებურად აშენებენ სახლებს. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდება და ძალიან უშლის ხელს ბახმაროს განვითარებას. სოკოებივით არის ამოსული და ვერც კანალიზაცია კეთდება და ვერც წყლის სისტემა. რეალურად, კანალიზაცია დარეგისტრირებულ მიწაზე უნდა გაკეთდეს და სადაც უნდა გაითხაროს, მილები ჩაიდოს და დამონტაჟდეს, იქ უკანონო მშენებლობებია. ჩვენ თუ გვინდა, რომ ბახმარო განვითარდეს, წინ წავიდეს, პირველ ეტაპზე საკანონმდებლო დონეზე უნდა მოევლოს ამ უკანონო მშენებლობებს. უნდა შევიმუშაოთ გეგმა, თუ როგორ მოვაბრუნოთ ეს საქმე. არც ის საზოგადოება უნდა დარჩეს უკმაყოფილო, ვინც ეს უკანონო მშენებლობები წამოიწყო, თუმცა არც კურორტი უნდა დაზიანდეს. ოპტიმალური გეგმა გვჭირდება“,- აღნიშნავს „ბიზნესპარტნიორთან“ ჩოხატაურის მერი.
დავით შარაშიძე ამბობს, რომ უკანონო ე.წ კოლების დანგრევის პროცესში დაუდგენელმა პირებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი მძიმე ტექნიკა დააზიანეს. ამის შემდეგ სამუშაოების გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.
„30 ოქტომბერს ბახმაროში ავიყვანეთ მძიმე ტექნიკა და დავიწყეთ უკანონო ე.წ კოლების დანგრევა. ეს კოლები ბეტონის, ან ქვების პატარა ბოძებია, რაზეც შემდეგ სახლებს აწყობენ. ასეთი 150-მდე უკანონო კოლი დავანგრიეთ მძიმე ტექნიკით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 150 უკანონო სახლის აშენებას შევუშალეთ ხელი. შემდეგ, სამწუხაროდ, მავნე ადამიანებმა ღამით ჩვენს მძიმე ტექნიკაში, ძრავში და ავზში ჩაყარეს სილა რის შედეგადაც დაგვიზიანდა ტრაქტორი და ვეღარ გავაგრძელეთ სამუშაოები. ახალი სეზონი რომ დაიწყება, კიდევ უფრო გავამკაცრებთ ბახმაროში როგორც ხე-ტყის შეტანის, ასევე უკანონო მშენებლობების კონტროლს“,- განმარტავს ჩოხატაურის მერი.
ჩოხატაურის მერს ამ ეტაპზე კონკრეტულ გეგმაზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და გურიის გუბერნატორთან ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა ბედი ეწევა უკანონოდ აშენებულ სახლებს და როგორ განვითარდება ამის შემდეგ კურორტი. ჩოხატაურის მერს ვკითხეთ, განიხილება თუ არა მოლაპარაკებების პროცესში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, რაზეც შარაშიძემ გვიპასუხა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არც ამ ნაგებობების მეპატრონეების განაწყენება სურს.
„ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. საქმეში ჩართულია გურიის გუბერნატორიც და ვმსჯელობთ ამ თემაზე. სულ მალე გადავწყვეტთ, რა ბედი ეწევა უკანონო მშენებლობებს და როგორ განვითარდება შემდეგ კურორტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არც საზოგადოება გავანაწყენოთ. მათ ვგულისხმობ, ვისაც ამ მშენებლობებისთვის ფული აქვს გადახდილი. მასალის ატანა, ბლოკი, ცემენტი ხომ თანხა ჯდება. ამას ვითვალისწინებთ. არ გვინდა, რომ ხალხი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს, მაგრამ მათაც უნდა გაიგონ ჩვენი. უკანონობას ხელს ვერ შევუწყობთ“,- განაცხადა ჩოხატაურის მერმა „ბიზნესპარტნიორთან“.