აკაკი ზოიძე: პირველი რიგის ამოცანაა შეზღუდვების შემსუბუქების გონივრული გეგმის შექმნა
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ უნდა დაკონკრეტდეს, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რა რაოდენობა იქნება შეზღუდვების მოხსნის და დაწესების პირობა.
როგორც აკაკი ზოიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მთავრობას შეზღუდვების მოხსნის ძალიან გონივრული გეგმა უნდა ჰქონდეს, რომელიც მინიმუმ ზაფხულამდე იმოქმედებს.
„მოდუნების საფუძველი არ გვაქვს, პირიქით, კორონავირუსით ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, გვაქვს ორნიშნა ციფრები, არ შეიძლება ექიმები და საზოგადოება მივეჩვიოთ, რომ ყოველდღიურად გვაქვს მსხვერპლი. დიდი სიფრთხილე გვმართებს ამ კუთხით, თუმცა შეზღუდვებში უსასრულოდ ვერ ვიცხოვრებთ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებასთან გვქონდეს კომუნიკაცია, რომ შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში, თუ დავიცავთ რეგულაციებს.
პირბადის ტარება 55%-დან 75%-მდე გაიზარდა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. საზოგადოებამ დაუჯერა კეთილგონიერების ხმას და როგორც ჩანს, ახალი წლის დღეებში ხალხმრავალი შეკრებები არ ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი აფეთქება გვექნებოდა.
საზოგადოებამ ეს ყველაფერი გაითავისა და ამას მივაღწიეთ, თუმცა ძალიან დიდი ეკონომიკური მსხვერპლის ფასად. საუბარია ადამიანების შემოსავლებზე, სამუშაო ადგილებზე. ამ ტრაგედიას მსოფლიო განიცდის, მაგრამ ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა და სიღარბე ისედაც პრობლემა იყო, ეს ყველაფერი უფრო პრობლემატური გახდა.
პირველ რიგში, ამოცანაა, შეზღუდვების შემსუბუქების ძალიან გონივრული გეგმა გვქონდეს, რომელიც მორგებული იქნება ჩვენს სპეციფიკაზე, ნათლად იქნება გაწერილი, როდის რა მოხდება. უნდა იყოს ნიშნულები, განგაშის დონეები, როდესაც ითქმება, რომ თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში, დღიურად კონკრეტულად ამდენი შემთხვევა იქნება, ჩვენ ვიფიქრებთ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქებაზე. თუ 2 კვირის განმავლობაში დადგენილ ზღვარს კორონავირუსის შემთხვევები გადააჭარბებს, ვიფიქრებთ გამკაცრებაზე. პროგნოზირებადობა უნდა გვქონდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, იცოდნენ, რომ ინფექციის გავრცელებას თუ ამ დონეზე შევინარჩუნებთ, მოულოდნელი შეზღუდვები არ გველოდება და შეუძლიათ დაგეგმონ, აიღონ სესხი, გააკეთონ საქმე“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, მთავრობამ დროულად უნდა თქვას, იხსნება თუ არა ზამთრის კურორტები, თუნდაც მოკლე დროით.
„ადამიანები უნდა მოემზადონ, როგორი რეჟიმით ვხსნით. მაგალითად ავსტრიაში ასეა, გახსნილია საბაგირო, მაგრამ არ არის გახსნილი საკვები ობიექტები, სასტუმროების რესტორანი და თავშეყრის სხვა ადგილები.
ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, ელემენტარულად აიღონ სესხი ან არა თავისი ბიზნესის გამართვისთვის და მომზადებისთვის. ამავდროულად, მივცეთ პროგნოზირებადობის საშუალება, ნიშნულები, როდის ჩაიკეტება, როდის გაიხსნება, იმ შემთხვევაში თუ დავარღვევთ რეგულაციებს და ინფექცია ისევ მოიმატებს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ექსპერტის განცხადებით, მკაფიო გეგმის არსებობა აუცილებელია აგრეთვე სავარაუდო საფრთხისთვის, როგორიცაა კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამის გავრცელება, რომელმაც შეზღუდვების არსებობის მიუხედავად შეიძლება, ეპიდსიტუაცია გააუარესოს.
„შემუშავებული გეგმა უნდა იყოს მკაფიო, რომელიც უნდა არსებობდეს მინიმუმ ზაფხულამდე, რადგან ზაფხულში ველოდებით 2 ფაქტორს, ერთი ეს არის, რომ იმედი გვაქვს იქნება მასობრივი ვაქცინაცია, მეორე, ეს წინა გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ ზაფხულში ინფექციის გავრცელება მცირდებოდა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა შემზღუდველი ღონისძიებები, რადგან ადამიანები სუფთა ჰაერზე უფრო მეტ დროს ატარებენ. თუმცა, ახალი შტამის შემთხვევაში არ ვიცით, როგორ იქნება.
ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე დიდი იმედის წყარო ვაქცინაა. იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება მასობრივად მოქალაქეების ვაქცინაციისთვის და არა მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვის.
მანამდე, შედარებით მცირე ზომის და მდიდარი ქვეყნის გარდა, და თან ძალიან მდიდარი ქვეყნის გარდა, ვერ შეძლებს იმ რაოდენობით თავისი მოსახლეობის მოცვას, რომელიც სჭირდება საზოგაოდებრივი იმუნიტეტის განვითარებას, რაც აუცილებელია, რომ ჩვენ შეზღუდვების რადიკალურ შემსუბუქებაზე ვიფიქროთ. კიდევ რამდენიმე თვე მოგვიწევს შემსუბუქება-გამკაცრების რეჟიმში ცხოვრება. მაგრამ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ შაბათ-კვირას, როგორც ახლაა დაგეგმილი“,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.