2030 წელს თბილისში, მგზავრობებში კერძო ავტომობილების წილი 20% უნდა იყოს - სტრატეგია
2030 წლისთვის თბილისში მგზავრობებში კერძო ავტომობილების წილი 20%-მდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული პერიოდისთვის მგზავრობებში არამოტორიზებული ტრანსპორტით (ველოსიპედი და ფეხით სიარული) გადაადგილების წილი 35% უნდა იყოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით კი - 45%.
სტრატეგიის თანახმადვე, 2016 წლის მაჩვენებელი ასეთი იყო: მგზავრობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი 39% იყო, არამოტორიზებული ტრანსპორტის 27, კერძო ავტომობილების, შესაბამისად, 34%.
„ამოცანა გულისხმობს, კერძო ავტომობილების გამოყენების ნაცვლად, გადაადგილების ალტერნატიული ფორმების - ფეხით სიარულის, ველოსიპედის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი) - წახალისებას. კერძო ავტომობილების გამოყენების მაღალი წილი უკავშირდება მაღალ სათბურის აირების ემისიების ინტენსივობას.
აღნიშნული ამოცანის შედეგის ინდიკატორებად სტრატეგია იყენებს ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, თბილისში მგზავრობის პროცენტულ წილს, რომელიც არამოტორიზებული ტრანსპორტით (ველოსიპედი და ფეხით სიარული) ხორციელდება და მგზავრობის პროცენტულ წილს, რომელიც საზოგადოებრივი (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) ტრანსპორტით ხორციელდება.
2030 წლისთვის, ამ ინდიკატორების სამიზნე მაჩვენებლებად განისაზღვრა საშუალო ევროპული მაჩვენებლები - 35% და 45%, შესაბამისად, ეს ავტომატურად გამოიწვევს კერძო ავტომობილების გამოყენების შემცირებას 20%-მდე. მნიშვნელოვანია მეტროს მატარებლებისა და ავტობუსების ტევადობის გაზრდა, ავტობუსის ეფექტურად გაუმჯობესებული მარშრუტები, ცენტრალურ უბნებში კერძო ავტომობილების მოძრაობის შემცირება, გაუმჯობესებული საპარკინგე სისტემა, ველობილიკების მოწყობა და სხვა,“ - ნათქვამია სტრატეგიაში.
სატრანსპორტო სფეროს ექსპერტის ეკა ლალიაშვილის თქმით, სტრატეგია ყოველთვის ამბიციური უნდა იყოს, თუმცა, თუ ტრანსპორტი იქნება გამართული, ზოლები შეკავშირებული, საკმარისი და გარეუბნებთან დაკავშირებული, ეს გეგმა შესრულებადია, რადგან მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდებიან.
სტრატეგიის თანახმად, 2030 წლისთვის, ტრანსპორტის სექტორში, სათბურის აირების ემისიები, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით, 15%-თ უნდა შემცირდეს.