ვინ არიან ატლანტის ოკეანეში ჩაძირული აპარატის მგზავრი ბიზნესმენები
წყალქვეშა აპარატს, რომლითაც 5 ადამიანი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, „ტიტანიკის“ ნარჩენების სანახავად იყო წასული, ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. მასშტაბური სამძებრო ოპერაცია აშშ-ისა და კანადის ხელისუფლებების მიერ ხორციელდება.
წყალქვეშა აპარატის მარშრუტი იყო 8-დღიანი მოგზაურობის ნაწილი, რომელსაც OceanGate Expeditions-ი ახორციელებდა.
აპარატმა „ტიტანიკის“ დაღუპვლის ადგილას ორსაათიანი დაშვება კვირა დილით დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, მხარდამჭერ გემ „პოლარულ პრინცთან“ მისი კავშირი 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა.
ამ დრომდე უცნობია, რა მოუვიდა წყალქვეშა აპარატს და რა გახდა გემთან მისი კონტაქტის გაწყვეტის მიზეზი. ასევე უცნობია, რამდენად ახლოს იყო ის გაუჩინარებისას „ტიტანიკთან“.
ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, აპარატის ბორტზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პილოტი და ოთხი „მისიის სპეციალისტი“.
ერთერთი მათგანია ბრიტანელი ბიზნესმენი, საინვესტიციო ჯგუფის Action Group-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ხემიშ ჰარდინგი. თავის დროზე ის იყო ერთერთი პირველი, ვინც დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში, წყნარი ოკეანის ჩელენჯერის ღრმულში ჩააღწია.
ცნობილი ხდება, რომ ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ერთი ბიზნესმენი - პაკისტანის უმდიდრესი ადამიანი, 48 წლის შაჰზადა დევუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულეიმანი. შაჰზადას მამა, 79 წლის ჰუსეინი სასუქების მწარმოებელი კომპანიას Dawood Hercules Corporation-ს ხელმძღვანელობს.
OceanGate-ის ვებ-გვერდის თანახმად, მისი ექსპედიციების ღირებულება 250 ათას დოლარს აჭარბებს და მასში, როგორც წესი, მონაწილეობას იღებს ერთი პილოტი, ერთი „კონტენტის ექსპერტი“ და სამი მგზავრი.
ამერიკის სანაპირო დაცვის წარმომადგენლის გამოთვლით, ორშაბათის დილას აპარატს 70-დან 96 საათამდე სამყოფი ჟანგბადი ჰქონდა, რაც მაშველებს დაკარგულების გადასარჩენად დროს პარასკევამდე აძლევს.
თუმცა იმ ადგილის სიღრმემ, სადაც ეს ადამიანები დაიკარგნენ, შესაძლოა პრობლემა შექმნას.
არსებობს სამძებრო სამუშაოების ხელისშემშლელი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ამინდი, ასევე ის, თუ როგორია თავად აპარატის მდგომარეობა, მუშაობს თუ არა მისი მოწყობილობები, მაგალითად აკუსტიკური გადამცემი. ამასთან, აპარატს ესაჭიროება ბაზა-გემი, რომელიც მას წყალში უშვებს და ასევე ზედაპირზე ამოჰყავს.
OceanGate-ის მონაცემებით, აპარატი „ტიტანი“ აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელიც ნებისმიერ ტექნიკურ პრობლემას ადრეულ სტადიაზე აფიქსირებს და პილოტს აძლევს საკმარის დროს, რათა აპარატი უსაფრთხოდ დააბრუნოს ზედაპირზე.
წყალქვეშა ნავის ყოფილი კაპიტანი თომას შუგარტი ამბობს, რომ თუკი აპარატი რაიმე მიზეზით ფსკერზე გაიჭედა, მას არ სმენია სამაშველო საშუალებებზე, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ბორტზე მყოფი ადამიანები დროულად ამოიყვანონ.
წყალქვეშა აპარატის პოვნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, თუმცა მისი გადარჩენა შესაძლოა სრულიად სხვა პრობლემა გახდეს.
იმის მიხედვით, თუ სად და რა სიღრმეში იმყოფება აპარატი, სამაშველო გემების შესაძლებლობები შესაძლოა შეზღუდული იყოს.
მაგალითად, ამერიკის წყალქვეშა ნავები 800 ფუტის ან უფრო ნაკლებ სიღრმეზე მუშაობენ, ეს კი ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ოკეანის ფსკერზე დაშვება, რადგან იქ არსებულმა წნევამ შესაძლოა წყალქვეშა ნავის აფეთქება გამოიწვიოს.
OceanGate-ი წყალქვეშა ნავების მიმწოდებელი კომპანიაა, მათ შორის - წარმოების, კვლევებისა და სადაზვერვო მიზნით.
2021 წლიდან კომპანიამ მომხმარებლებს შესთავაზა „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას მოგზაურობა. ერთი ექსპედიციის ღირებულება ერთ ადამიანზე 250 ათასი დოლარია.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით OceanGate-მა შექმნა წყალქვეშა აპარატი Cyclops 1, რომელიც 5 ადამიანზეა გათვლილი და შეუძლია 500 მეტრ სიღრმეზე (1640 ფუტი) ჩასვლა.