მსოფლიო
19/05/2022

UN: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შესაძლოა მალე გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს

გაერთიენებული ერების ორგანიზაცია (UN) მსოფლიოს აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შესაძლოა მალე გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს– ამის შესახებ ინფორმაციას BBC- აქვეყნებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ ომმა გააუარესა სასურსათო დაუცველობა ღარიბ ქვეყნებში ფასების ზრდის გამო. ამასთან, დაახლოებით 20 მლნ ტონა მარცვლეული ამჟამად უკრაინაშია დარჩენილი.

მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანას შესაძლოა გრძელვადიანი შიმშილობა დაემუქროს, თუ უკრაინის ექსპორტი არ აღდგება და დაუბრუნდება ომამდელ დონეს.

რუსეთ–უკრაინის ომის გამო, უკრაინის პორტებიდან დიდი რაოდენობით საკვების ზეთის, ასევე სიმინდისა და ხორბალის ექსპორტი შეწყდა. ამან შეამცირა გლობალური მიწოდება და გამოიწვია ალტერნატიულ ბაზრებზე ფასის ზრდა. გაეროს მონაცემებით, სურსათის მსოფლიო ფასები თითქმის 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.–წერს, BBC-ი.

"ომი კლიმატის ცვლილებისა და პანდემიის შედეგებთან ერთად, უამრავ ადამიანს არასრულფასოვანი კვებაზე გადაიყვანს და მასობრივ შიმშილს გამოიწვევს. ჩვენს სამყაროში ახლა საკმარისი საკვებია, თუ ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ. მაგრამ თუ ამ პრობლემას დღეს არ მოვაგვარებთ, უახლოეს თვეებში საკვების გლობალური დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდებით", – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიო ხორბლის მარაგის 30%-ს აწარმოებენ და ომამდე უკრაინა განიხილებოდა, როგორც მსოფლიოს "პურის კალათა", რომელიც თავისი პორტების მეშვეობით თვეში 4.5 მლნ ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს ახორციელებდა.

გერმანია და აშშ, ჯერ კიდევ ომამდე, სასურსათო კრიზისის გამწვავებაში რუსეთს ადანაშაულებდა.