უკრაინის დროებითი რწმუნებული: მადლობელი ვართ საქართველოს მოსახლეობის ამ მხარდაჭერისთვის
საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასანოვიმ საქართველოს მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა, რომელიც მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობისგან შედგება, რაც დაჭრილი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ასევე გამოითქვა მზაობა, ჰუმანიტარული დახმარება კიდევ გაიგზავნოს.
"აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სამხედრო და სამხედრო -ტექნიკური თანამშრომლობა. უკრაინა იღებს დღევანდელი დღის მდგომარეობით საჭირო შეიარაღებას და სამხედრო ტექნიკას. მას შემდეგ, რაც შეიარაღება ჩამოდის უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე ხდება იმის ფორმირება და გაგზავნა საჭიროების ობიექტებში და ამის კონტროლი ხდება უკრაინის თავდცვის და გენერალური შტაბის მხრიდან.
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის სხდომაზე გამოვიდა, რომელზეც განიხილება უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ცოტახანში მოხდება რეზოლუციის დამტკიცება, რაც იქნება ევროკავშირის მხრიდან ძალიან მძლავრი პოლიტიკური გამოხატულება უკრაინის სტაბილურობის მხრივ.
სხვა მიმართულება უკრაინის თანამშორმლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე საქართველოსთან, არის ჰუმანიტარული დახმარება. ახლახანს გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც შედგებოდა სამედიცინო აღჭურვილობისგან, წამლებისგან, რომელსაც ძალიან საჭიროებს შეიარაღებული ძალები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. ცოტახანში ჩვენ ველოდებით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირების მიერ, ასევე საქმიანი წრეების და ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან. იმედი გვაქვს, ეს ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი არ იქნება ჩვენი მოძმე საქართველოსგან", - აღნიშნა ანდრეი კასანოვიმ.
მან ისაუბრა საქართველოს მხრიდან გამოხატულ სოლიდარობაზე უკრაინის მიმართ.
"სადაზღვევო კომპანია "არდი" უფასოდ აზღვევს უკრიანის მოქალაქეებს, ვისაც არ შეუძლია დაბრუნდეს სამშობლოში. საქართველოს ბანკმა გახსნა ცალკე ანგარიში უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ასევე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. მოხდა ასევე სამედიცინო პერსონალის მობილიზება, რომელიც უკრაინაში მიემგზავრებიან დაჭრილი მეომრების და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად. ეს არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატულება ასეთ რთულ დროს. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მხარის ამ მხარდაჭერისათვის. ჩვენ დღეს ამას ვგრძნობთ, როგორც არასდროს", - აცხადებს უკრაინის წარმომადგენელი საქართველოში.
ანდრეი კასანოვიმ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს უკვე მეექვსე დღეა, როცა მიმდინარეობს ღია შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ყველანაირი ნორმების წინააღმდეგ იყენებს აკრძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ბავშვების მიმართ.
"რძელდება სროლები, ასევე სარაკეტო დარტყმები საცხოვრებელი სახლების, სამშობიაროების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმართულებით. დღეს ჩვენ მოწმე გავხდით, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ცენტრალური მოედნის მიმართულებით სროლა. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ეს ქმედება წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს. რუსეთი წარმოადგენს ტერორისტ სახელმწიფოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები და ხალხი მამაცად იცავს საკუთარ მიწას. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გამოიყენებს ყველანაირ ძალისხმევას, რათა შეაჩეროს რუსეთის ქმედებები", - განაცხადა ადრეი კასანოვიმ.