მსოფლიო
08/06/2022

უკრაინა კანაფის წარმოების განვითარებას იწყებს

unian.net-ის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინაში კანაფის მცენარეების სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო დანიშნულებით გამოყენებას არეგულირებს.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო საფუძველი, რათა უკრაინაში კანაბისის საფუძველზე პრეპარატების წარმოების სრული ციკლი აეწყოს: დაწყებული მცენარის მოყვანითა და გადამუშავებით და სრულფასოვანი წარმოებით დამთავრებული.

კანაბისი, რომელსაც მარიხუანასაც უწოდებენ, ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც მიიღება მცენარე კანაფიდან და გამოიყენება სამედიცინო და რეკრეაციული მიზნებით.

„ჩვენ გვესმის, რამდენად დიდი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მედიკამენტოზური მკურნქალობა დასჭირდებათ მიმდინარე მოქმედებების გამო. და ჩვენ გვესმის, რომ ლოდინის დრო არაა,“ – განაცხადა ლიაშკომ.

კანაბისის საფუძველზე დამზადებულ პრეპარატებს გამოიყენებენ ონკოლოგიური დაავადებებისა და ომის შედეგად გამოწვეული, პოსტტრავმული დარღვევების მკურნალობისთვის.

ლიაშკოს თქმით, კანაბისზე დამზადებული პრეპარატები კონკურენციას გაუწევს ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებიც უკანონო ბრუნვაშია. მისივე განმარტებით, სამედიცინო კანიბასი შეიცავს კანაბიდიოლს, რომელსაც არ აქვს გამოხატული ფსიქოაქტიური მოქმედება.

კანაბისის პრეპარატების წარმოების საწინააღმდეგო კამპანიები შეგნებულად აიგივებენ ამ ნივთიერებაზე დამზადებულ მედიკამენტებს თავად კანაბისთან, რომელიც უკანონო ბრუნვაშია, რათა მოხდეს მისი, როგორც სამკურნალო საშუალების ფასეულობის ნიველირება და მისი სამედიცინო მიზნებით გამოყენების იდეის დისკრედიტირება,“  – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ლიაშკომ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია კანაბისის საფუძველზე დამზადებული პრეპარატების მოყვანაზე,წარმოებასა და რეალიზაციაზე მკაცრი კონტროლის დაწესება.

„მზად ვართ თანდათანობით განვავითაროთ ეს დარგი და გაჩვენოთ უკრაინელი პაციენტების მკურნალობისა და დახმარების შედეგები. მოვახდინოთ არა იმპორტი, არამედ გავაკეთოთ ჩვენი, უკრაინული,“ – აღნიშნა ვიქტორ ლიაშკომ.

მინისტრმა ასევე განმარტა, რა შემთხვევაში და რა მიზნებით გამოიყენება კანაბისზე დამზადებული პრეპარატები: ესაა ტკვილისა და კუნთების სპაზმების შემსუბუქება, ანორექსიის მკურნალობა, პოსტტრავმული სტრესული და შფოთვითი აშლილობის მკურნალობა, ეპილეფსიის ცალკეული ტიპების, ასევე გლაუკომის, ფსორიაზის, პარკინსონიზმის, გაფანტული სკლეროზის მკურნალობა.

„ამ წამლების მნიშვნელოვანი ამოცანაა, შეუმსუბუქოს ტკივილი და ტანჯვა მძიმე და პალიატიურ ავადმყოფებს, მათ შორის ონკოლოგიურ და აივ ინფექციის მქონე პაციენტებს,“ – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.

jandacva .ge