უარი აგრესიას - საერთაშორისო კომპანიები რუსეთს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ
რუსული აგრესიისა და დასავლური სანქციების ფონზე ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანასთან საქმიანი კავშირის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.
სია დიდია და ის არაერთ სექტორს მოიცავს. ჩამონათვალს CNN აქვეყნებს.
ავტომწარმოებლები
რუსეთში ოპერირება შეწყვიტა Ford-მა. ამერიკულ ავტომწარმოებელს, აგრესორ ქვეყანასთან ერთობლივი საწარმო Ford Soller აქვს, რომლის 50%-იან წილსაც ფლობს.
რუსეთში ექსპორტი შეაჩერა General Motors-მა, TOYOTA-მ, Mercedes-Benz-მა, Ford-მა, BMW-მ, HONDA-მ, Mazda-მ.
ავიაცია
რუსული ავიაკომპანიების მხარდაჭერა შეწყვიტეს Boeing-მა და Airbus-მა. თვითმფრინავის ნაწილების უდიდესმა მწარმოებლებმა.
ტექკომპანიები
აგრესორ ქვეყანაში გაყიდვები აკრძალა Apple-მა.
Facebook-მა ევროპის მასშტაბით შეწყვიტა წვდომა რუსულ პროპაგანდისტულ მედია Russia Today-სა და Sputnik-ზე. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო Twitter-მა.
რუსული სერიალების წარმოება შეწყვიტა Netflix-მა.
აგრესორ ქვეყანაში საკუთარი ოფისი დახურა Spotify-მ. კომპანიამ საკუთარი სტრიმიდან ამოიღო RT-სა და Sputnik-ის კონტენტი.
Roku-მ (ROKU), კომპანიამ, რომელიც მომხმარებლებს სპეციალური აპარატურის გაყიდვის მეშვეობით კონტენტის ინტერნეტით სტრიმინგის საშუალებას აძლევს, RT მთელ მსოფლიოში აკრძალა.
Russia Today-ს მაუწყებლობა დაბლოკა Youtube-მაც.
ენერგეტიკა
ენერგეტიკულმა გიგანტმა, British Petroleum-მა რუსული Rosneft-დან თავისი 19.75%-იანი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
ნორვეგიულმა ნავთობისა და გაზის კომპანია Equinor-მა რუსეთში ერთობლივი საწარმოებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ასევე, შეწყვიტა აგრესორ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Exxon-მაც. დადო პირობა, რომ დატოვებს ნავთობისა და გაზის ბოლო პროექტს რუსეთში და არ განახორციელებს ახალ ინვესტიციებს.
Gazprom-თან არსებული ერთობლივი კომპანიების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო Shell-მა. ამასთან, გამოვიდა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტიდან.
TotalEnergies-მა ასევე დაგმო რუსეთის ქმედებები და განაცხადა, რომ რუსეთში პროექტების განვითარებისთვის დამატებითი კაპიტალის ჩადებას აღარ უზრუნველყოფს.
ფინანსური სექტორი
MasterCard-მა ფინანსური ქსელიდან არაერთი რუსული ფინანსური ინსტიტუტი დაბლოკა. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო Visa-მ.
ევროკავშირმა კი SWIFT-ის სისტემიდან 7 რუსული ბანკი გარიცხა.
მედია და გართობა
DirecTV წყვეტს კავშირს RT-თან. რუსეთის სახელმწიფო მედიასთან, რომელიც ვლადიმერ პუტინის დღის წესრიგის პროპაგანდირებითაა ცნობილი.
Disney ასევე აჩერებს რუსეთში თავისი თეატრალური ფილმების გამოშვებას „უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის“ მოტივით.
WarnerMedia რუსეთში "ბეტმენის" გადაღებებს აჩერებს.
გადაზიდვები
Maersk და MSC Mediterranean Shipping Company რუსეთიდან შეკვეთების მიღებას წყვეტენ.
იმ კომპანიების სია, რომელიც აგრესორ ქვეყნას დასავლური სანქციების ფონზე ტოვებენ, მუდმივად მზარდი და განახლებადია.